თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი ლიდსის უნივერსიტეტში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი ლიდსის უნივერსიტეტში

2015 წლის 25 თებერვლიდან 1 მარტამდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი მარინა მამალაძე და სამედიცინო განათლების, კვლევის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი გაიანე სიმონია სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ დიდ ბრიტანეთში, ლიდსის უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების ინსტიტუტში და სტომატოლოგიის სკოლაში. ვიზიტის მიზანი იყო სტომატოლოგიის სკოლის მე-4 კურსის სტუდენტების ობიექტურად სტრუქტურირებულ კლინიკურ გამოცდაზე (OSCE) დასწრება და სტომატოლოგიაში ინტეგრირებული კურიკულუმის შემუშავების მეთოდოლოგიის და მისი შემადგენელი მოდულების გაცნობა.

ლიდსის უნიერსიტეტში ამ გამოცდის მიმდინარეობაზე ყურადღებით დაკვირვებამ ბევრი სიახლე და ახალი მიდგომები გამოავლინა.  გამოცდის მსვლელობის და შედეგების შეჯამების ანალიზმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტში OSCE-ს ჩატარება მაქსიმალურად არის მიახლოებული ბრიტანულ სტანდარტებთან, რომლებიც, თავის მხრივ, ევროპულ სტანდარტად არის აღიარებული.

ლიდსის უნივერსიტეტში მე-4 კურსის OSCE-ის გამოცდაზე პრაქტიკული და კომუნიკაციური უნარები ერთმანეთის პარალელურად, დღის სხვადასხვა მონაკვეთში, სხვადასხვა სადგურებზე ფასდებოდა. ამის შედეგად იკვეთება რეალური სურათი, თუ რომელ სფეროშია სტუდენტი უკეთ დაოსტატებული, რაც პერსპექტივაში მის პორტფოლიოსაც უფრო ინფორმაციულს გახდის.

პროფესორ მარინა მამალაძეს აქვს გეგმები მომავალი სასწავლო წლისათვის. საგამოცდო სტურქტურა ისე იქნება ორგანიზებული, რომ მასში 50% პრაქტიკული უნარების შეფასებაზე მოვა, 50% კი - კომუნიკაციის უნარებზე.

            საინტერესო აღმოჩნდა პროფესორ მარინა მამალაძის შეხვედრა სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილესთან და რესტავრაციული სტომატოლოგიის პროფესორებთან, რომლებმაც გააცნეს ფაკულტეტის ინტეგრირებული კურიკულუმის ძირითადი სქემა და რამდენიმე გაიდლაინის სტრუქტურა (ინფექციის პრევენცია და კონტროლი, რესტავრაციის კლინიკური პროცედურები, კბილის ფესვის არხის მკურნალობის პროცედურები), დაათვალიერებინეს საფანტომო კურსის წინასაფანტომო ლაბორატორიები, რომლებიც ე.წ. ვირტუალური პრეპარირების თანამედროვე აპარატურით იყო აღჭურვილი.

            ვიზიტის ფარგლებში პროფესორი გაიანე სიმონია შეხვდა ლიდსის სამედიცინო განათლების ინსტიტუტის პროფესორებს: ანა-მარია რეიდს და რიჩარდ ფულერს, რომლებთან ერთადაც განიხილეს ახალი ერთობლივი პროექტი, რომელიც ERASMUS+ კონკურსზე არის წარდგენილი.