თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი მილანში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი მილანში

2014 წლის 30 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა ქ. მილანში (იტალია). დელეგაციის წევრები იყვნენ: უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე-რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, სამედიცინო განათლების, კვლევის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი გაიანე სიმონია და ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარინა მამალაძე.

დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის კონფერნციის მუშაობაში: 1 სექტემბერს მათ წარადგინეს მოხსენება "აკადემიური განვითარების პროგრამა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში" ("Faculty Development Program at Tbilisi State Medical University), რომელიც ეხებოდა აკადემიური განვითარების ცენტრში 2014 წლის მარტში და აპრილში ჩატარებულ სტომატოლოგიის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ტრენინგს სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში. მოხსენებამ დამსწრეთა დიდი ინტერესი დაიმსახურა. 2 სექტემბერს კონფერენციის ვორქშოპზე წარმოდგენილი იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი სექტორის მესამე კურსის სტუდენტების კონფიდენციალური გამოკითხვის შედეგები ტემპუსის პროექტ MUMEENA-ს ფარგლებში დანერგილი შემთხვევაზე დაფუძნებული კლინიკური აზროვნების სასწავლო კურსის შესახებ. გამოკითხვა ჩაატარეს ლიდსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) სამედიცინო განათლების ინსტიტუტის პროფესორმა ანა-მარია რეიდიმ და მისმა დოქტორანტმა დანიელ კანდოლამ. გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ უნივერსიტეტის სტუდენტები მეტად კმაყოფილები არიან ახალი სასწავლო კურსით და  უნივერსიტეტში შექმნილი სასწავლო გარემოთი.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები შეხვდნენ მილანის უნივერსიტეტის დეკანს, პროფესორ ანტონიო კარასის. უნდა აღინიშნოს, რომ მილანის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა და ვიზიტი დაიგეგმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, ექიმ ნინო ჭუმბურიძის ინიციატივითა და უშუალო ხელშეწყობით. მილანის უნივერიტეტში ვიზიტისას თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ,  პროფესორმა ანტონიო კარასიმ და მილანის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელმა  დეტალურად განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები - სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ურთიერთგაცვლის პერსპექტივები და ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.

3-5 სექტემბერს გაიმართა ტემპუსის პროექტ MUMEENA-ს საკოორდინაციო ჯგუფის დასკვნითი სხდომა, რომელიც მიჰყავდა პროექტის კოორდინატორს, ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის პრეზიდენტს, პროფესორ ტრუდი რობერტსს.  სხდომაზე შემაჯამებელი მოხსენებით გამოვიდნენ პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები.  განიხილეს მომავალი ერთობლივი პროექტის სქემა, რომელიც მიმდინარე პროექტის ლოგიკურ გაგრძელებად მოიაზრება.