თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი რომში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი რომში

2013 წლის 3-8 ივნისს იტალიის დედაქალაქ  რომის საკრეკორის უნივერსიტეტში გაიმართა ევროსაბჭოს მიერ დაფინანსებული ტემპუსის პროექტის MUMEENA „დიპლომამდელი სამედიცინო განათლების მოდერნიზაცია ევროგაერთიანების აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებში“ ფარგლებში დაგეგმილი ვორქშოპი „ინოვაციები საზოგადოებრივი ჯანდაცვის სწავლებაში“ და პროექტის საკოორდინაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან, სადაც ხორციელდება განახლებული სასწავლო პროგრამების პილოტირება, ზემოხსენებულ შეხვედრებზე მონაწილეობის მისაღებად მიწვეული იყო დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით: უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, პროექტის ლოკალური კოორდინატორი, სამედიცინო განათლების, კვლევის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი გაიანე სიმონია და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დეპარტამენტის  ჯანდაცვის მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ლევან ბარამიძე.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციის გარდა, შეხვედრას ესწრებოდნენ  პარტნიორი უნივერსიტეტების - ლიდსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საქართველო), ბაქოს და ნახიჩევანის სამედიცინო უნივერსიტეტების (აზერბაიჯანი), კიევის და ივანო-ფრანკოვსკის სამედიცინო უნივერსიტეტების (უკრაინა) დელეგაციები.

ვორქშოპი გახსნა პროექტის კოორდინატორმა, ლიდსის უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ტრუდი რობერტსმა. სამუშაო სხდომებზე განხილული იყო საზოგადოებრივი ჯანდაცვის სწავლების აქტუალური საკითხები; დისკუსიაში აქტიურად მონაწილეობდნენ თსსუ-ს დელეგაციის წევრები. პროფესორმა ლევან ბარამიძემ დეტალურად მიმოიხილა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სწავლების მეთოდოლოგია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სასწავლო პროგრამაში მეტი ადგილი დაუთმონ გენომის გამოკვლევის შედეგების ანალიზს,  მის შესაძლო გავლენას მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და მასთან დაკავშირებულ ეთიკურ ასპექტებს.

პროექტის საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრაზე განხილული იქნა მომავალი სამოქმედო გეგმა და შემდგომი დაფინანსების საკითხები, დაიგეგმა მომავალში ახალი პროექტის შემუშავება, რომელიც იქნება მიმდინარე პროექტის ლოგიკური გაგრძელება. დისკუსიაში მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია და დელეგაციის სხვა წევრები. დასასრულს პროექტის კოორდინატორმა გააცნო დელეგაციის წევრებს ევროსაბჭოს შეფასება, სადაც აღნიშნულია, რომ პროექტი წარმატებულად ხორციელდება და მისი შუალედური შედეგები მეტად მნიშვნელოვანია.