თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის 2019 წლის კონფერენციაზე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის 2019 წლის კონფერენციაზე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) 2019 წლის საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც გაიმართა 7-10 აპრილს სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში. კონფერენციაში მონაწილეობდნენ თსსუ-ის კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე, ვიცე-რექტორი, პროფესორი ხათუნა თოდაძე, სამედიცინო განათლების, კვლევის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი გაიანე სიმონია და დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის თანახელმძღვანელი, ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის წარმომადგენელი არჩილ უნდილაშვილი. 

პროფესორებმა ზურაბ ორჯონიკიძემ და ხათუნა თოდაძემ, საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლების განვითარების პროცესში შეტანილი წვლილისთვის, სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტს, პროფესორ დევიდ გორდონს, გადასცეს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ მისთვის მინიჭებული თსსუ-ის საპატიო დოქტორის წოდების დამადასტურებელი სერთიფიკატები.

აღსანიშნავია, რომ სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაცია უმნიშვნელოვანესი ორგანიზაციაა, რომელიც აქტიურად ზრუნავს სამედიცინო განათლების ხარისხის ამაღლებაზე მსოფლიოს მასშტაბით, წარმართავს განათლების სტანდარტების შემუშავებისა და განახლების უწყვეტ პროცესს. მისი სააგენტოები ახორციელებენ  სამედიცინო პროგრამების შესწავლასა და მათთვის საერთაშორისო აკრედიტაციის მინიჭებას.  სასიხარულოა, რომ 2018 წელს საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა აღიარება მოიპოვა სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მხრიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ცენტრის მიერ აკრედიტებული მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამებს საერთაშორისო აღიარება ექნებათ. 

კონფერენციაზე მრავალი საჭირბოროტო თემა იქნა განხილული, როგორც დიპლომამდელი, ისე სარეზიდენტო და უწყვეტი სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. კონფერენციაზე პროფესორმა გაიანე სიმონიამ წარმოადგინა პრეზენტაცია „საქართველოში საბაზისო სამედიცინო განათლების სტანდარტების განვითარება“ (თანაავტორები: გიორგი ვაშაკიძე, ზურაბ ვადაჭკორია, ხათუნა თოდაძე, რიმა ბერიაშვილი).