2023 წლის 22-24 თებერვალს თსსუ-ის შინაგან დაავადებათა პროპედევტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი რევაზ თაბუკაშვილი; შინაგან დაავადებათა პროპედევტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორები: ვერა კაპეტივაძე და ია ავალიანი; მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი პირდარა ნოზაძე და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნინო კილაძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ სომხეთში.
თსსუ-ის დელეგაცია დაესწრო ERASMUS+ ის პროექტის ,,პაციენტთა მოვლის ხარისხის და უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით დიპლომამდელ სამედიცინო განათლებაში სიმულაციების დანერგვა (SAFEMED+)” ფარგლებში გამართულ შეხვედრებს მხითარ ჰერაცის სახელობის ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ერევნის ჰაიბუსაკის უნივერსიტეტებში.
შეხვედრებს უძღვებოდა კონსორციუმის კოორდინატორი, შინაგან დაავადებათა პროპედევტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ია ავალიანი.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა OSCE-ის ჩატარების სხვადასხვა ვარიანტები, კერძოდ, სცენარის შემუშავების საკითხები კომპიუტერული OSCE-თვის, რომელიც შემდგომში წარმოდგენილი იქნება კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტების მიერ ერთობლივი ძალისხმევით დაწერილ სახელმძღვანელოში. წიგნის საბოლოო ბეჭდვითი ვერსიის წარდგენა დაგეგმილია პროექტის დასკვნითი შეხვედრის დროს, რომელიც გაიმართება თბილისში მიმდინარე წლის ოქტომბერში.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე, ჩატარდა შეხვედრები კონსორციუმის ხარისხის უზრუნველყოფისა და ფინანსური მენეჯერებისათვის, რომელზეც განიხილეს პროექტის მიმდინარე აქტუალური საკითხები.