თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური რეაბილიტაციის პოლიტიკისა და სტრატეგიული მართვის დეპარტამენტში სტუდენტური პროექტის „ფიზიკური რეაბილიტაციის გავლენა პოლიტიკაზე“ წარდგენა გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური რეაბილიტაციის პოლიტიკისა და სტრატეგიული მართვის დეპარტამენტში სტუდენტური პროექტის „ფიზიკური რეაბილიტაციის გავლენა პოლიტიკაზე“ წარდგენა გაიმართა

2023 წლის 13 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური რეაბილიტაციის პოლიტიკისა და სტრატეგიული მართვის დეპარტამენტში სტუდენტური პროექტის „ფიზიკური რეაბილიტაციის როლი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემასა და პოლიტიკაზე“ წარდგენა გაიმართა.

ღონისძიება  ჩატარდა კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკაში და ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ახლადარჩეული რექტორი (უფლებამოსილებას შეუდგება 2024 წლის 13 თებერვლიდან),   სამედიცინო რეაბილიტაციისა და სპორტული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა მასხულია, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ეკა ეკალაძე, დიპლომირებული  მედიკოსის ამერიკული პროგრამის კონსულტანტი, ფიზიკური რეაბილიტაციის პოლიტიკისა და  სტრატეგიული მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი არჩილ უნდილაშვილი, ასოცირებული პროფესორი ირინა კაპეტივაძე, მოწვეული მასწავლებელი ქეთევან ბიბილაშვილი.

ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის მეოთხე სემესტრის სტუდენტებმა ისაუბრეს რეაბილიტაციის მნიშვნელობაზე; თუ რა გავლენა აქვს ამ სფეროს მედიცინის, ჯანდაცვის, სპორტის, კულტურის, ეკონომიკის, განათლებისა და გარემოს განვითარებაზე. ასევე განიხილეს რეაბილიტაციის როლი როგორც ინდივიდისთვის ასევე ოჯახისთვის, სოციუმისთვის და ქვეყნისთვის. მათ ერთი სემესტრის მანძილზე გამოიკვლიეს საზოგადოების დამოკიდებულება რეაბილიტაციის როგორც სპეციალობის შესახებ, ასევე ჩაატარეს სიტუაციური ანალიზი ადაპტირებულ გარემოზე, შეაფასეს თბილისში არსებული გარემო, ქუჩები, შენობები, ტრანსპორტიდა კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა, მოიძიეს და დაამუშავეს უცხოენოვანი ლიტერატურა და საბოლოოდ პრეზენტაციების სახით წარმოადგინეს მათი თვალით დანახული რეაბილიტაციის როლი, პაციენტის ჯანმრთელობის, ოჯახის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკაზე.

სტუდენტებმა განიხილეს ქვეყანაში ბოლო წლებში განხორციელებული რეგულაციები და წამოჭრეს ისეთი პრობლემატური საკითხები, როგორიცაა ცნობადობის ნაკლებობა რეაბილიტაციის შესახებ, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები, სერვისების და ხელმისაწვდომობის არარსებობა.

თავის გამოსვლაში პროფესორმა არჩილ უნდილაშვილმა აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის  დროულად მიიღონ ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა რეაბილიტაციის როლი ჯანდაცვის სისტემაში,   პოლიტიკასა და მართვის პრინციპებში. იცოდნენ აღნიშნულ სფეროს მნიშვნელობისა და სარგებლის შესახებ არა მხოლოდ ინდივიდუალურ, არამედ სისტემურ და სახელმწიფოებრივ დონეზე.

„კურსის ფარგლებში,  შესაძლებლობა მოგვეცა გვემუშავა პროექტზე -  რეაბილიტაციის გავლენა პოლიტიკაზე. ამ პროექტზე მუშაობამ, ცხადყო რამხელა გავლენა შეიძლება ჰქონდეს რეაბილიტაციის განვითარებას, როგორც პოლიტიკაზე, ისე ეკონომიკაზე და ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე“ - აღნიშნა თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტმა  თეკლა ქურციკიძე.

„ამ კურსის ფარგლებში, ჩვენთვის ცხადი გახდა, რომ ფიზიკური თერაპიის პოლიტიკური და ეკონომიკური როლი სცილდება ჯანდაცვის საზღვრებს, ის წარმოადგენს, მდგრად მიდგომას ერის კეთილდღეობისათვის, ასევე, როდესაც ჩვენ ვიმყოფებით ჯანდაცვის მზარდი მოთხოვნებისა და ეკონომიკური გამოწვევების ეპოქაში, ფიზიკურ თერაპიაში ინვესტიცია არის სტრატეგიული ნაბიჯი“- განაცხადა თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტმა მართა გაბელაშილმა.

„პროექტზე მუშაობის შემდეგ, თვალსაჩინო გახდა, რომ ფიზიკური რეაბილიტაციის პოლიტიკა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს დასაქმების, სპორტის და განათლების სექტორზე“ - აღნიშნა თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტმა ნინი დანგაძემ. 

პროექტის განხილვაზე მოწვეულმა სტუმრებმა დადებითი შეფასება მისცეს წარმოდგენილ პრეზენტაციებს. აღნიშნეს, რომ სტუდენტები სწორად აფასებენ რეაბილიტაციის პოლიტიკაზე მოქმედ ფაქტორებს, შეუძლიათ პაციენტის სარეაბილიტაციო მართვაზე სხვადასხვა საკანონმდებლო და ფინანსური მარეგულირებელი პოლიტიკის გავლენის სწორი ანალიზი.