თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში  ბავშვთა ენდოკრინოლოგიის ცენტრი გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში ბავშვთა ენდოკრინოლოგიის ცენტრი გაიხსნა

   
   

მიმდინარე წლის 13 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში გაიხსნა ბავშვთა ენდოკრინოლოგიის ცენტრი (ხელმძღვანელი, ასოცირებულიპროფესორი მარინა გორდელაძე), სადაც დიაბეტიან ბავშვთა სტაციონარული მომსახურების გარდა, იმუშავებს დიაბეტის სკოლა, უმკურნალებენ  სხვა ენდოკრინული პათოლოგიის მქონე ბავშვებსაც.

ბავშვთა ენდოკრინოლოგიის ცენტრის გახსნასთან  და 14 ნოემბერს  დიაბეტის მსოფლიო დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, კლინიკის ყველა ექიმს გულზე სიმბოლური ცისფერი ბაფთა ეკეთა.

14 ნოემბერს  მსოფლიო დიაბეტის დღეს აღნიშნავს, რადგან ამ დღეს დაიბადა  ფრედერიკ ბანტინგი,  რომელმაც 1921 წელს აღმოაჩინა ინსულინი. 90 წლის განმავლობაში ინსულინის გამოყენებამ მილიონობით ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში, ბავშვთა ენდოკრინოლოგიის ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით, მოეწყო საზეიმო პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ: თსსუ–ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ზაზა ბოხუა, საქართველოს დიაბეტის ფედერაციის პრეზიდენტი რამაზ ყურაშვილი, საერთაშორისო დიაბეტის ფედერაციის ევროპის რეგიონის ბორდის წარმომადგენელი ელენა შელესტოვა, ექიმები და მეცნიერები.

სტუმრებს მიესალმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის გენერალურიდირექტორი, ასისტენტ–პროფესორი ლია ძიძიგური. ვრცელი და საინტერესო პრეზენტაცია წარადგინა ენდოკრინოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა მარინა გორდელაძემ. როგორც მან აღნიშნა, ამ ცენტრის გახსნა უმნიშვნელოვანესი ფაქტია და კლინიკაში დიდხანს ელოდნენ ამ დღეს. მსოფლიოში 440 ათას ბავშვს აქვს დიაბეტი, საქართველოში _ 758–ს. ეს სოლიდური ციფრია და ცხადია, დიდ ყურადღებას მოითხოვს სახელმწიფოსაგან და ექიმებისაგან.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას ახალი ცენტრის გახსნა მიულოცა საქართველოს დიაბეტის ფედერაციის პრეზიდენტმა რამაზ ყურაშვილმა. როგორც მან განაცხადა, ახალი სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში ამჟამად  416 მილიონი ადამიანია დიაბეტით ავად.

საერთაშორისო დიაბეტის ფედერაციის ევროპის რეგიონის ბორდის წარმომადგენელმა ელენა შელესტოვამ აუდიტორიას  ახალი კვლევის შედეგი გააცნო, რომლის მიხედვითაც, 2040 წლისთვის, მსოფლიოში დიაბეტიანთა რიცხვი 800 მილიონი გახდება. ამ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია სამედიცინო საზოგადოების მობილიზება.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის პერსონალს ბავშვთა ენდოკრინოლოგიის ცენტრის გახსნა მიულოცეს: თსსუ–ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, კანცლერმა, პროფესორმა ზურაბ ორჯონიკიძემ და დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ზაზა ბოხუამ.

კლინიკის გენერალურმა დირექტორმა მადლობა გადაუხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ამ დიდ საქმეში თანადგომისათვის.