თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი 90 წლისაა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი 90 წლისაა

1932 წლის 5 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის წიაღში ფარმაკოქიმიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი დაარსდა, რომელსაც სათავეში პროფესორი ი. ქუთათელაძე ჩაუდგა.  

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს დადგენილებით, იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული გახდა.

თსსუ-ის იოველ  ქუთათელაძის  ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი, უკვე ცხრა ათეული წელია ქვეყნის და რეგიონის ლიდერია ბუნებრივი რესურსების კვლევაში, რასაც მოწმობს არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო აღიარება.  განხორციელებული ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევებით შემუშავებულია სხვადასხვა დანიშნულების ორიგინალური პრეპარატი, კოსმეტიკური პროდუქტი, ქიმიური რეაქტივი, მცენარის ზრდა-განვითარების სტიმულატორი, რომლებიც რეგისტრირებულია საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ.

ინსტიტუტი წარმატებულ სამეცნიერო თანამშრომლობას ეწევა უცხოეთის არაერთ წამყვან უნივერსიტეტთან და სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან: მარსელი, (საფრანგეთი), ინსბრუკი (ავსტრია), ჟენევა (შვეიცარია), ლიეჟი (ბელგია), სალერნო (იტალია), ათენი (საბერძნეთი), არიელი (ისრაელი), კვებეკი (კანადა), აზერბაიჯანის სამედიცინო უნივერსიტეტი, სომხეთის სამეცნიერო ტექნოლოგიური ცენტრი, სადაც სტაჟირება გაიარა ინსტიტუტის ათეულობით თანამშრომელმა, დოქტორანტმა და მაგისტრმა. შესრულდა ერთობლივი სამეცნიერო პროექტები, სადისერტაციო ნაშრომები, რაც აისახა ერთობლივ გამოქვეყნებულ შრომებსა და სამეცნიერო კონფერენციებში.

ინსტიტუტში წარმატებით მიმდინარეობს დოქტორანტების, მაგისტრების და ბაკალავრების პროფესიული პრაქტიკული სწავლება და სტაჟირება. ახალგაზრდა მეცნიერებისათვის შეიქმნა სასწავლო და სამეცნიერო სივრცეები.

თსსუ-ის ი. ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი - სამეცნიერო პოტენციალით, მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, მუდმივად განახლებადი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, უმაღლესი კატეგორიის სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო დაწესებულებაა. აქ ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ წარმატებით განხორციელდეს ფუნდამენტალური, გამოყენებითი და დარგის განვითარებაზე ორიენტირებული კვლევები, მომზადდეს შესაბამისი კომპეტენციის და კვალიფიკაციის მქონე ახალგაზრდა სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ მომავალში მოსახლეობის უზრუნველყოფას - ეფექტიანი, უსაფრთხო, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სამკურნალო საშუალებებით.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტს საიუბილეო თარიღს.