თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მადლობის სიგელი ღვაწლმოსილ ექიმს, მეცნიერსა და პედაგოგს, პროფესორ რამაზ კუტუბიძეს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მადლობის სიგელი ღვაწლმოსილ ექიმს, მეცნიერსა და პედაგოგს, პროფესორ რამაზ კუტუბიძეს

   
   

2016 წლის 2 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ უნივერსიტეტის წინაშე გაწეული უდიდესი ღვაწლისა და ამაგისთვის მადლობის სიგელი გადასცა – უნივერსიტეტის პედიატრიის მიმართულების, ბავშვთა ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ცნობილ ექიმს, გამორჩეულ ქირურგსა და უშურველ პედაგოგს, პროფესორ რამაზ კუტუბიძეს.

ნახევარ საუკუნეზე მეტია ბატონი რამაზის ცხოვრება და საქმიანობა საქართველოში  უმაღლესი სამედიცინო განათლების თითქმის ასწლოვანი კერის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  განუყოფელი ნაწილია. ის, იმ ადამიანთა რიგს მიეკუთვნება,  ვინც  დაუვიწყარია  ურიცხვი მადლიერი პაციენტისა და ექიმების რამდენიმე ათეული თაობის წარმომადგენელთათვის.

პროფესორმა რამაზ კუტუბიძემ მშობლიურ უნივერსიტეტში ეტაპობრივად განვლო პროფესიული და აკადემიური ზრდის ყველა  კარიერული საფეხური – ასპირანტიდან და ასისტენტიდან - დეპარტამენტის ხელმძღვანელამდე; იყო პედიატრიის ფაკულტეტის დეკანი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის დირექტორი;  ნეონატალური ქირურგიისა  და ინტენსიური თერაპია-რეანიმაციის სამსახურის სათავეში საქართველოში, მისი თაოსნობით დაინერგა არაერთი ოპერაცია, რომელიც მანამდე ჩვენს ქვეყანაში ვერ  ტარდებოდა;   მისი პარტნიორი და მეგობარი უცხოელი კოლეგები აქტიურად იყვნენ და არიან ჩართულნი ბავშვთა ქირურგიული სერვისის გაუმჯობესებაში.  საქართველოს  ღირსების ორდენოსანის საამაყო წოდება და ჩოხატაურის საპატიო მოქალაქის წოდება მის მიერ დათესილი ადამიანური,  საექიმო და პედაგოგიური სიკეთის სრულიად დამსახურებული აღნიშვნა გახლავთ.

პროფესორი რამაზ კუტუბიძე მრავალი სამეცნიერო, საგამომგონებლო და საგანმანათლებლო ნაშრომის ავტორია;  ფასდაუდებელია  მის მიერ ნათქვამი ახალი სიტყვა ჩირქოვანი ქირურგიული ინფექციების პროგნოზირების, მიმდინარეობის, მკურნალობისა და გამოსავლის  საკითხების შესახებ ბავშვთა ასაკში. მისი შექმნილი სახელმძღვანელო  ბავშვთა ქირურგიაში ქრესტომათიულია მედიკოსთა რამდენიმე ათეული თაობის  წარმომადგენლებისათვის და  სამაგიდო წიგნია დღესაც.