თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მადლობის სიგელი ღვაწლმოსილ მეცნიერსა და პედაგოგს, პროფესორ ალექსანდრე ციბაძეს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მადლობის სიგელი ღვაწლმოსილ მეცნიერსა და პედაგოგს, პროფესორ ალექსანდრე ციბაძეს

   
   

2016 წლის 2 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ უნივერსიტეტის წინაშე გაწეული უდიდესი ღვაწლისა და ამაგსითვის მადლობის სიგელი გადასცა – უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრს, უნივერსიტეტის ინფორმატიკის, მათემატიკისა და ბიომექანიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მეცნიერსა და პედაგოგს,  პროფესორს ალექსანდრე ციბაძეს.

სამი ათეული წელიწადია, პროფესორ ალექსანდრე ციბაძის ცხოვრება და საქმიანობა, თავისი  „ალმა მატერ“-ის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია.

მან ღირსეულად განვლო აკადემიური კარიერა, იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის არაერთი პროგრესული ინიციატივის სულისჩამდგმელი და განმხორციელებელი; ჩვენთვის საამაყოა, რომ დღესაც გვიდგას მხარში და გულუხვად გვიზიარებს ცოდნას და გამოცდილებას. ბატონი ალექსანდრეს ღვაწლის აღიარების ერთ-ერთი დასტური, ბევრ სხვასთან ერთად, ღირსების ორდენია, რომლითაც თქვენი მშობლიური უნივერსიტეტის 70 წლის იუბილეზე დააჯილდოვეს –  2000 წელს.

ალექსანდრე ციბაძე მრავალი სამეცნიერო თუ მეთოდური  ნაშრომის ავტორია; მნიშვნელოვანია მისი კვლევები და საგანმანათლებლო  შრომები სამედიცინო ინფორმატიკაში, ბიოსტატისტიკასა და ბიოფიზიკაში. კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, გასული საუკუნის 80-იან წლებში მის მიერ დანერგილი კვლევის ავტომატიზებული სისტემები კი მაშინ არა მარტო ამ დარგში იყო ინოვაციური და პროგრესული, არამედ, საზოგადოდ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. აღსანიშნავია, რომ ეს მეთოდური მიდგომები აქტუალობას ინარჩუნებს დღესაც.

ბატონი ალექსანდრეს ნაშრომ-ნაღვაწის და გაცემული სითბოს ნაყოფია მისი მადლიერი მოსწავლეები და უამრავი პატივისმცემელი კოლეგა;

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ხედავს ამაგდარი თანამშრომლის ღვაწლს და გადასცემს მას მადლობის სიგელს.