თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მონაწილეობა  ევროპის სამედიცინო განათლების ფორუმში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მონაწილეობა ევროპის სამედიცინო განათლების ფორუმში

2013 წლის 24-28 აგვისტოს, პრაღაში გაიმართა ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის საიუბილეო (დაფუძნებიდან 40 წლისთავი) კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდა თბილისის  სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით: უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი და სამედიცინო განათლების, კვლევის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი გაიანე სიმონია.

კონფერენციაზე თსსუ-ის დელეგაციის წევრებმა წარმოადგინეს ორი მოხსენება.

პირველი მათგანი - „აკადემიური განვითარების მიზნით, კოტერის მოდელის მიხედვით გატარებული საორგანიზაციო ცვლილებები აღმოსავლეთ ევროპაში – საქართველოს გამოცდილება“მოხსენება მომზადდა ტემპუსის მიმდინარე პროექტის “MUMEENA“-ს პარტნიორთან, ლიდსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) სამედიცინო განათლების ინსტიტუტის პროფესორ, ანა-მარია რეიდთან ერთად  და  გაკეთდა სხდომაზე  „აკრედიტაცია და ცვლილებები“, რომლსაც ხელმძღვანელობდა პროფესორი დენ ჰანტი (აშშ). მოხსენებაში ყურადღება გამახვილდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში განხორციელებულ ინოვაციებზე - შემთხვევაზე დაფუძნებული კლინიკური აზროვნების სასწავლო პროგრამის შემოღებასა და აკადემიური განვითარების ცენტრის გახსნაზე.

მეორე მოხსენება - „შემთხვევაზე დაფუძნებული კლინიკური აზროვნების სასწავლო კურსი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში“,  გაკეთდა სხდომაზე „კლინიკური აზროვნება“, ეხებოდა 2013 წლის მარტში თსსუ-ის შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის დეპარტამენტში ზემოხსენებული კურსის წარმატებით შემოღებას.

ორივე მოხსენებამ სხდომებზე დამსწრე სამედიცინო განათლების ექსპერტების დიდი ინტერესი გამოიწვია. მათ დადებითად შეაფასეს სამედიცინო განათლების სფეროში თსსუ-ში განხორციელებული ცვლილებები.

გარდა  ამისა, კონფერენციის დროს თსსუ-ის დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს პროექტ “MUMEENA“-ს საკოორდინაციო სხდომაში, სადაც განხილული იქნა მიმდინარე პროექტის  გაგრძელების პერსპექტივები.

პრაღის კონფერენცია მეტად ღირსშესანიშნავი აღმოჩნდა იმ თვალსაზრისითაც, რომ ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის პრეზიდენტად არჩეული იქნა თსსუ-ში მიმდინარე პროექტ “MUMEENA“-ს კოორდინატორი, ლიდსის უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ტრუდი რობერტსი, რომელსაც ძალიან ნაყოფიერი პარტნიორული ურთიერთობა აქვს ჩვენს უნივერსიტეტთან. პრეზიდენტად არჩევასთან დაკავშირებით,  თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ პროფესორ ტრუდი რობერტსს გადასცა  შოთა რუსთაველის  „ვეფხისტყაოსანი“, რომელსაც იგი დიდი ინტერესით გაეცნო.