„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდამჭერთა საზოგადოება“ დაარსდა

„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდამჭერთა საზოგადოება“ დაარსდა

2014 წლის 12 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით დაარსდა „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდამჭერთა საზოგადოება“.  როგორც სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა, კახა აბულაძემ ამ მოვლენის გამო  გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, მალე ეს საღამო ისტორიული გახდება, რადგან სწორედ აქ ხდება იმ თაობების გაერთიანება, რომლებიც 20 წლის მანძილზე სათავეში ედგნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტურ ცხოვრებას. მნიშვნელოვანია, რომ 20 წლის წინ, 1994 წელს დაფუძნდა სტუდენტთა პირველი არჩევითი ორგანო, რომელმაც 2006 წლიდან მიიღო სტუდენტური თვითმმართველობის სახე. 

   

სტუდენტური თვითმმართველობის საიუბილეო და „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდამჭერთა კსაზოგადოების“ საპრეზენტაციო საღამოს ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე–რექტორები: პროფესორი რიმა ბერიაშვილი, პროფესორი კახაბერ ჭელიძე, გიორგი აბესაძე, საუნივერსიტეტო კლინიკების წარმომადგენლები, თსსუ–ის სტუდენტები და ყოფილი სტუდენტები.

   

როგორც რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ ბრძანა, ის ბედნიერია, რომ სტუდენტურ თვითმმართველობაში ასეთი თაობა გვყავს, რომელსაც ეკუთვნის იდეა, გააერთიანოს  სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდამჭერები... „ ცხადია, პირველი ნაბიჯი გადადგმული იყო თქვენსკენ ამ ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელებისკენ, რომლებიც წლების  განმავლობაში კრავდნენ და ქმნიდნენ თსსუ–ის სტუდენტურ ცხოვრებას და ამით, რა თქმა უნდა, სამედიცინო უნივერსიტეტის ისტორიას. დიდი მადლობა ამ სიყვარულისთვის, იმისთვის რომ გიყვართ  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ერთხელ ვთქვი და მინდა გავიმეორო: შეიძლება ვინმე გაბრაზდეს  რომელიმე  რექტორზე, მაგრამ სამედიცინო უნივერსიტეტზე გაბრაზება არ შეიძლება. დიდი მადლობა ყველაფრისთვის“...

     

საღამოზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია: „ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ „სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდამჭერთა საზოგადოება“ ამდენ ადამიანს აერთიანებს. დღეს მსოფლიოში მიდის კამათი იმ თემაზე, თუ რას ყიდულობს სტუდენტი მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, რომლის სათავეშიც არის ბარტონის, ჰარვარდის, ოქსფორდის უნივერსიტეტები, ლონდონის სამეფო კოლეჯი...  ნაწილი ამბობს, რომ აქ იღებენ განსაკუთრებულ ცოდნას, ნაწილს კი მიაჩნია, რომ აქ ცოდნასთან ერთად იღებენ არანაკლებ მნიშვნელოვან კონტაქტებს, კავშირებს მომავალ კოლეგებთან და ცნობილ პროფესიონალებთან. ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია მომავლისთვის. დღეს არის დღე, როცა თსსუ–მა გადადგა ნაბიჯი, რომ მომავალ თაობებს უთხრას: აქ არა მხოლოდ ხარისხიან ცოდნას მიიღებენ, არამედ – კავშირებსაც. მე მზად ვარ სამედიცინო უნივერსიტეტდამთავრებულ თითოეულ სტუდენტს დავეხმარო ინფორმაციის მიღებაში და გზის გაკვალვაში“.

საღამოს საზეიმო ელფერს აძლევდა შრი–ლანკელ სტუდენტთა მუსიკალური ბენდი და ცნობილი ქართული ჯგუფის, „ფრანის“ სიმღერები.

გაიჭრა საზეიმო ტორტი.

სტუმრებმა სპეციალურ ბანერზე ხელმოწერით დაადასტურეს „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდამჭერთა საზოგადოებაში“ წევრად გაერთიანება.