თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  პროფესორები „24–ე ყოველწლიურ ქსოვილოვანი ბიოინჟინერიის უახლეს მიღწევებისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე“

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორები „24–ე ყოველწლიურ ქსოვილოვანი ბიოინჟინერიის უახლეს მიღწევებისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე“

   
   

2016 წლის 9-16 აგვისტოს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  ექსპერიმენტული და პრეკლინიკური ანატომიის დეპარტამენტის პროფესორი ზურაბ კაკაბაძე, დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი დავით ჩახუნაშვილი და თსსუ–ის "ანატომიური თეატრი"–ს დირექტორი კონსტანტინე ჩუტკერაშვილი ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდნენ რაისის უნივერსიტეტში (ტეხასი, აშშ) გამართულ „XXIV ყოველწლიურ ქსოვილოვანი ბიოინჟინერიის უახლეს მიღწევებისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე“, სადაც თსსუ-ის სახელით წარადგინეს 3 მოხსენება. 

უილიამ მარშ რაისის უნივერსიტეტი მდებარეობს ჰიუსტონში და  ითვლება აშშ-ს ერთერთ ყველაზე მოწინავე უნივერსიტეტად. ამ უნივერსიტეტის კვლევითი აქტივობა ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით მოწინავე ადგილს იკავებს. აღსანიშნავია ისიც, რომ რაისის უნივერსიტეტში მოღვაწეობენ ნობელის პრემიის ლაურეატი 3 მეცნიერი და ორი პულიცერის პრიზის მფლობელი და სხვა.

რაისის უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო კვლევების ცენტრი განლაგებულია შვიდ სართულიან შენობაში და აღჭურვილია თანამედროვე აპარატურა-დანადგარებით. კვლევების ძირითადი მიმართულება ეხება ახალი ქსოვილებისა და ორგანოების შექმნას და მათ გამოყენებას კლინიკურ პრაქტიკაში. რაისის უნივერსიტეტში ჩატარებული სიმპოზიუმი გამოდგა მეტად წარმატებული თსსუ-ის სახელით მონაწილე მეცნიერთათვის. ძირითადი მოხსენებები ეხებოდა სამ-განზომილებიანი დეცელულარიზებული სკაფოლდების გამოყენებით ახალი ქსოვილებისა და ორგანოების  შექმნას და მათ გამოყენებას კლინიკურ პრაქტიკაში. ასევე, წარდგენილი იყო მოხსენება, რომელიც ეხებოდა ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციას ზურგის ტვინის დაზიანებების დროს კლინიკაში. 

აღნიშნულმა პრეზენტაციებმა  დიდი მოწონება და დაინტერესება გამოიწვია. 

თსსუ–ის პროფესორებმა გამართეს მოლაპარაკება რაისის უნივერსიტეტის სამეცნიერო დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან და ამ დარგში, მსოფლიოს წამყვან მეცნიერებთან მომავალი ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ჩატარების თაობაზე.