თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი მარინა მამალაძე  ICD-ის ვიცე-რეგენტად აირჩიეს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი მარინა მამალაძე ICD-ის ვიცე-რეგენტად აირჩიეს

თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის პრეზიდენტი, სტომატოლოგიის კლინიკის და სასწავლო-კვლევითი ცენტრის, „უნიდენტის“ ხელმძღვანელი,  პროფესორი მარინა მამალაძე,  2020 წლის 13 დეკემბერს მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და ტრადიციული პროფესიული ასოციაციის ICD-ის  (International College of Dentists) ჩრდილო-აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის სექციის ვიცე-რეგენტად აირჩიეს. ამ პოზიციით ქალბატონ მარინა მამალაძეს კავკასიის ქვეყნების კურირება დაევალება.

ICD ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული პროფესიული ასოციაციაა. ის 1920 წელს დაფუძნდა. მისი მიზანია მსოფლიოში სტომატოლოგთა დამსახურების თვალსაჩინო წარდგენა, აღიარება და შესაძლებლობების გამოვლენა, სტომატოლოგიის, როგორც ხელოვნების და მეცნიერების განვითარება, სტომატოლოგიური საგანმანათლებლო ინიციატივების ხელშეწყობა.

„მსურს მადლობა გადავუხადო ICD-ის ევროპული სექციის ხელმძღვანელს, პროფესორ  მაურო ლაბანკას (იტალია) და ჩრდილო-აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის სექციის რეგენტს, დოქტორ სერგეი რადლინსკის (უკრაინა) ნდობის გამოცხადებისთვის. ასევე დიდი მადლობა ჩემი ყველა სასიკეთო წამოწყების ინიციატორს, თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტს და სტომატოლოგიის კლინიკას და სასწავლო-კვლევით ცენტრს „უნიდენტს“ - აღნიშნა პროფესორმა მარინა მამალაძემ.

იხილეთ სტატია ინტერპრესნიუსზე