თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი 20 ნოემბერს სტუდენტებს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი 20 ნოემბერს სტუდენტებს შეხვდა

 
   

მიმდინარე წლის 20 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, შეხვდა  1-ლი  და მე-2 სემესტრის სტუდენტებს.  შეხვედრის მიზანი იყო, მათთვის  სასწავლო პროცესის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება, არსებული სასწავლო ბაზების, ინფრასტრუქტურაში მიმდინარე  და დასრულებული პროექტების წარდგენა,   ინფორმირება იმ პერსპექტივებისა და შესაძლებლობების შესახებ, რასაც საერთაშორისო ურთიერთობები და გაცვლითი პროგრამები, მათ შორის პროგრამა „ERASMUS+“,  სთავაზობს სტუდენტებს. შეხვედრის ფორმატი ითვალისწინებდა ინტერაქტიულ საუბარს, რაც განაპირობებდა და უზრუნველყოფდა სტუდენტების თვალით დანახული თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაციის მიღებას აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის, სტუდენტების შენიშვნებისა და შეხედულებების გათვალისწინებას, მათ აღნუსხვას და განსჯას შემდგომი რეაგირებისთვის.

სტუდენტებმა, რომლებიც უკვე მეორე და მეტი წელია სწავლობენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, კარგად იციან, რომ რექტორთან გულახდილი საუბარი შესაძლებელი და მეტიც, აუცილებლად შედეგიანი არის ხოლმე. პირველი წლის სტუდენტებს ბატონმა ზურაბ ვადაჭკორიამ საუბრის დასაწყისშივე ამცნო, რომ  გულახდილი საუბრისთვის არანაირი ბარიერი არ არსებობს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, გულითადად მიესალმა შეხვედრაზე მისულ სტუდენტებს, უდიდესი პატივისცემა გამოხატა მათ მიმართ და აღნიშნა: „მეამაყება, რომ ჩვენი წლევანდელი პირველსემესტრელები არიან ყველაზე მაღალი საგამოცდო ქულების მქონე სტუდენტები ერთიანი ეროვნული გამოცდების მანძილზე, ამდენად თქვენი სახით მე ვესაუბრები ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდების საუკეთესო ნაწილს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა თქვენი მითითება, შენიშვნა თუ წინადადება“.

აუდიტორიას, ამჯერად, რამდენიმე პრეზენტაცია შესთავაზეს.

თსსუ-ის კანცლერის მოადგილემ, ბატონმა ალექსანდრე ბუაჩიძემ სტუდენტებს გააცნო თსსუ-ის სასწავლო ბაზები, ინფრასტრუქტურაში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. მან  ისაუბრა იმ პროექტებზეც, რომელთა განხორციელება ჯერ არ დაწყებულა, მათ შორის  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას პედიატრიის აკადემიური კლინიკის ტერიტორიაზე მაღალი სტანდარტების პალიატიური მზრუნველობის ცენტრის მშენებლობასა და მისი შესაბამისი საკადრო რესურსითა და ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფაზე; ადმინისტრაციული კორპუსის უკან მეხუთე სასწავლო კორპუსის მშენებლობაზე; ადმინისტრაციული კორპუსის ვესტიბიულზე რეკრიაციული ზონის მოწყობაზე; კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის მიმდებარედ ქუჩის სიმულაციების მოწყობისთვის საჭირო გამჭვირვალე მინებიანი სივრცის მოწყობაზე;  პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ტერიტორიის განვითარების გენერალურ გეგმაზე, რომლის ფარგლებშიც იგეგმება არსებულ შენობაზე მიშენება და თსსუ-ის მიერ მოპოვებული გრანტის - „ფიზიკური რეაბილიტაციის პროგრამა საქართველოში“ უზრუნველსაყოფად შენობის აგება...

სტუდენტებმა დიდი ინტერესით მოისმინეს სამომავლო გეგმების შესახებ.

რაც შეეხება თანამედროვე ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, თსსუ-ში  მათი დანერგვისა და გამოყენების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა თსსუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ხათუნა თოდაძემ. მან აღნიშნა, რომ თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება სასწავლო პროცესის მართვის ეფექტიანობის გასაზრდელად უმნიშვნელოვანესი ფაქტორია და დაწვრილებით აღუწერა სტუდენტებს ამ მხრივ რა ეტაპზეა მართვა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.

 თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ირინა კაპეტივაძისა და საერთაშორისო პროგრამა „ERASMUS +“-ის კოორდინატორის, ნინო კანდელაკის, პრეზენტაციებმა სტუდენტთა აქტიურობა გამოიწვია. დაისვა შეკითხვები. სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი პასუხები უცხოეთში სტაჟირებასა და სწავლასთან დაკავშირებით.

თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, ვიცე-რექტორებმა, ადმინისტრაციულმა და აკადემიურმა პერსონალმა დიდი ინტერესით მოისმინა სტუდენტების შენიშვნები და წინადადებები სასწავლო პროცესთან, ინფრასტრუქტურულ მოწყობასთან დაკავშირებით.

სასიამოვნო იყო, რომ სტუდენტებმა აღნიშნეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ყურადღება და მზრუნველობა, მადლობა გადაუხადეს რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას უშუალო საუბრისთვის და დასმულ საკითხებზე მომენტალური რეაგირებისთვის. აუდიტორია მოწმე გახდა, როგორ მიიღო უნივერსიტეტის სხვადასხვა სტრუქტურამ დავალება, განეხილათ და შეესწავლათ შეხვედრისას დასმული საკითხები.

თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ სტუდენტებს განუცხადა, რომ არც ერთი წინადადება არ დარჩება ყურადღების და რეაგირების გარეშე და იმ კითხვებსა და შენიშვნებზე, რომელთაც სიღრმისეული შესწავლა სჭირდება,  ისინი კონკრეტულ პასუხებს უახლოესი დღეების განმავლობაში დეკანატებსა და ვიცე-რექტორებთან მოისმენენ.