თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი 9 ნოემბერს სტუდენტებს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი 9 ნოემბერს სტუდენტებს შეხვდა

 

მიმდინარე წლის 9 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია შეხვდა მედიცინის, სტომატოლოგიის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფარმაციის და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტების და საექთნო საქმის ბაკალავრის III-IV სემესტრის სტუდენტებს. აუდიტორიის დიფერენცირება სწავლების წლების მიხედვით მაქსიმალურ საშუალებას აძლევდა სტუდენტებს, გამოეხატათ თავიანთი აზრი სწავლების პროცესთან, უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასთან დაკავშირებით და მოესმინათ სხვა სტუდენტების აზრი იგივე პრობლემაზე. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი დიდი ინტერესით უსმენდა თითოეული სტუდენტის წინადადებას, მყისიერ რეაგირებას ახდენდა მათ შენიშვნებზე და შესაბამის სტრუქტურებს ავალებდა გარკვეულიყვნენ და მოეგვარებინათ პრობლემატური საკითხები. 

აუდიტორიასა და რექტორს შორის გულახდილი დიალოგი გაიმართა. რექტორმა შესთავაზა სტუდენტებს, სურვილის შემთხვევაში ვინაობაც კი არ დაესახელებინათ. ყურადღება გაამახვილა იმაზე, გამოსწორდა თუ არა შარშან ანალოგიურ შეხვედრებზე დასმული პრობლემები, რაზეც დადებითი პასუხი  და მადლობა მიიღო სტუდენტებისაგან.

დაისვა შეკითხვები, რომლებსაც უპასუხა რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ. კონკრეტულ საკითხებზე კომენტარები გააკეთეს: ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ხათუნა თოდაძემ,  მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თინათინ ჩიქოვანმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი მჭედლიშვილმა, ბიბლიოთეკის დირექტორმა ეკა ვერულაშვილმა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ინფრასტრუქტურაში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი  პროექტების შესახებ აუდიტორიას პრეზენტაცია წარუდგინა და სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერის მოადგილემ, ალექსანდრე ბუაჩიძემ. სტუდენტებმა გამოთქვეს აზრი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების თვალსაზრისით გასატარებელ ღონისძიებებზე, ჩამოაყალიბეს თავისი სურვილები და შენიშვნები. როგორც აღმოჩნდა, ყველა პრობლემასთან დაკავშირებით, რაც სტუდენტებს აწუხებთ, უკვე მიმდინარეობს მუშაობა და მომავალი წლის პროექტების განხილვა.

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირინა კაპეტივაძემ და დეპარტამენტის თანამშრომელმა ნინო კანდელაკმა მიმოიხილეს გაცვლითი პროგრამები და განუმარტეს სტუდენტებს, თუ როგორ უნდა მიიღონ მონაწილეობა ამ პროგრამებში.