თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას შეხვედრა მე-3 და მე-4 სემესტრის სტუდენტებთან

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას შეხვედრა მე-3 და მე-4 სემესტრის სტუდენტებთან

მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, შეხვდა  მე-3 და მე-4 სემესტრის სტუდენტებს.  შეხვედრის მიზანი იყო, დაინტერესებული სტუდენტებისთვის უნივერსიტეტში მიმდინარე და დასრულებული პროექტების წარდგენა, მათი კიდევ ერთხელ ინფორმირება იმ პერსპექტივებისა და შესაძლებლობების შესახებ, რასაც საერთაშორისო ურთიერთობები და გაცვლითი პროგრამები, მათ შორის პროგრამა „ERASMUS+“,  სთავაზობს სტუდენტებს და ყველაზე მთავარი: სტუდენტების შეხედულებების, შენიშვნების, სურვილების მოსმენა, მათგან სასწავლო პროცესის პირუთვნელი შეფასების გაცნობა ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის. ამისთვის ყველა პირობა არსებობდა. როგორც ბატონმა რექტორმა აღნიშნა, წინადადებები და შენიშვნები შეიძლებოდა როგორც წერილობით (ანონიმურად), ისე ვინაობის დასახელებით მიეწოდებინათ რექტორისთვის.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, გულითადად მიესალმა შეხვედრაზე მისულ სტუდენტებს, უდიდესი პატივისცემა გამოხატა მათ მიმართ და აღნიშნა: „სტუდენტი ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონაა უნივერსიტეტში, ამიტომაც თქვენი აზრი ყველაფერთან დაკავშირებით უაღრესად საინტერესოა, მითუმეტეს, რომ ეს თქვენი უნივერსიტეტია და ასე იქნება მუდამ, მას მერეც, რაც უნივერსიტეტს დაამთავრებთ და პროფესიონალები გახდებით.  ბევრი კურსდამთავრებული დღესაც დიდ მხარდაჭერას უცხადებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს და სტუდენტებს. ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ალმა-მატერზე“.

ვიდრე კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადავიდოდნენ, აუდიტორიას ორი პრეზენტაცია შესთავაზეს.

თსსუ-ის კანცლერის მოადგილემ, ბატონმა ალექსანდრე ბუაჩიძემ სტუდენტებს გააცნო თსსუ-ის ინფრასტრუქტურაში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.

დასრულებული პროექტებიდან ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნის ფარგლებში მიშენებული პანორამული ლიფტი მესამე სასწავლო კორპუსზე.

ასევე სტუდენტებს პრეზენტაციის ფარგლებში გააცნეს, რომ დასრულდა თეატრალური დარბაზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი; გარემონტდა მესამე კორპუსში სპორტული დარბაზი; მიმდინარეობს მეორე კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები; გარემონტდა მერვე სართული ადმინისტრაციულ კორპუსში;  გრძელდება თსსუ-ის კლინიკების აღჭურვა სამედიცინო აპარატურით. მათ შორის აღსანიშნავია, რომ თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დამონტაჟდა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი, ხოლო თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში - კომპიუტერული ტომოგრაფი, ეს კი მნიშვნელოვანი ფაქტია კლინიკური და საგანმანათლებლო პროცესების სრულყოფის თვალსაზრისით.

ბატონმა ალექსანდრემ ისაუბრა იმ პროექტებზეც, რომელთა განხორციელება ჯერ არ დაწყებულა, მათ შორის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას პედიატრიის აკადემიური კლინიკის ტერიტორიაზე მაღალი სტანდარტების პალიატიური მზრუნველობის ცენტრის მშენებლობასა და მისი შესაბამისი საკადრო რესურსითა და ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფაზე. ეს პროექტი რამდენიმე დღის წინ საქართველოს და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმების ფარგლებში, „საქართველოში ბავშვთა გრძელვადიანი პალიატიური მზრუნველობის სერვისების განვითარების შესახებ“ ხელმოწერილი მემორანდუმის საფუძველზე განხორციელდება.

სტუდენტებმა დიდი ინტერესით მოისმინეს თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ირინა კაპეტივაძისა და საერთაშორისო პროგრამა „ERASMUS +“-ის კოორდინატორის, ნინო კანდელაკის, პრეზენტაციები. მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე უცხოეთში სტაჟირებასა და სწავლასთან დაკავშირებით.

შეხვედრის უაღრესად საინტერესო გაგრძელება გახლდათ სტუდენტების შენიშვნებისა და წინადადებების მოსმენა სასწავლო პროცესთან, ინფრასტრუქტურულ მოწყობასთან დაკავშირებით. ბატონი ზურაბ ვადაჭკორია დიდი ყურადღებით უსმენდა თითოეულ გამომსვლელს და ინიშნავდა საკითხებს რეაგირებისთვის. როდესაც ერთ-ერთი სტუდენტი სახელმძღვანელოების უკეთ დაგეგმვას შეეხო და მაგალითად ამერიკის სხავდასხვა უნივერსიტეტში არსებული სახელმძღვანელოები დაასახელა, რექტორმა მას შესთავაზა აქტიურად ჩაერთოს შენიშვნების კონკრეტიზაციის პროცესში და პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად მიიღოს მონაწილეობა ამ საკითხზე მსჯელობაში.

რექტორმა სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდა თსსუ-ის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის მისაღებად მიმდინარე პროცესებზე, ისაუბრა ბიუჯეტის შესახებ და თსსუ-ში სწავლის მზარდი მოთხოვნის საფუძველზე უცხოელი სტუდენტების გაზრდილ რიცხვზეც.  ასევე, შეხვედრის დასასრულს მან თავად წარუდგინა აუდიტორიას სტუდენტების ანონიმური შენიშვნები და მოთხოვნები, რომელსაც რეგულარულად აგროვებს და სწავლობს თსსუ-ის ხარისხის მართვის სამსახური.

თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ აუდიტორიას განუცხადა, რომ არცერთი საკითხი არ დარჩება ყურადღების და რეაგირების გარეშე. სტუდენტებმა კმაყოფილება გამოხატეს ასეთი გულწრფელი და გულახდილი დიალოგის შესაძლებლობის გამო და მადლობა გადაუხადეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ზრუნვისა და თანადგომის მზადყოფნისთვის.