თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას ოფიციალური ვიზიტი მალაიზიის პუტრას უნივერსიტეტში (UPM)

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას ოფიციალური ვიზიტი მალაიზიის პუტრას უნივერსიტეტში (UPM)

2013 წლის 29 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა მალაიზიის პუტრას უნივერსიტეტში (UPM), კუალა ლუმპურში, (მალაიზია), სადაც ჩატარდა „აბრეშუმის გზის ევრაზიის უნივერსიტეტთა კონსორციუმის (ESRUC)“ აღმასრულებელი საბჭოს სხდომა.

   

„აბრეშუმის გზის ევრაზიის უნივერსიტეტთა კონსორციუმზე“, რომლის ცხრა კაციანი აღმასრულებელი საბჭოს წევრია თსსუ–ის რექტორი პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, განიხილეს შემდეგი საკითხები: კონსორციუმის მონაწილე ქვეყნების სამეცნიერო–კვლევითი ქსელის შექმნა; ერთობლივი კვლევითი და დიპლომისშემდგომი პროგრამების ორგანიზება; კვლევისა და ტექნოლოგიების თემატური ფორუმების ორგანიზება; ESRUC–ის ვებ–გვერდის შექმნა; კონსორციუმის მონაწილე უნივერსიტეტების სტუდენტთა მოკლე/გრძელვადიან ტრანსფერებსა და მობილობაში ჩართვა; ESRUC–ის საპატიო წოდებების დაწესება; ERASMUS MUNDUS-ის 2013 წლის პროექტები; ახალგაზრდა მკვლევართა მხარდამჭერი პროექტები; უნივერსიტეტთა კონსორციუმის სტუდენტთა ფოლკლორული ფესტივალის ორგანიზება ერზრუმში და სხვ.

ვიზიტის ფარგლებში თსსუ–ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია შეხვდა მალაიზიის პუტრას უნივერსიტეტის მედიცინის და ჯანმრთელობის დაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს და მის მოადგილეებს, ბიოსამედიცინო, სურსათისა და მცენარეთა კვლევის ინსტიტუტის დირექტორებს და მათ მოადგილეებს. შეხვედრისას მხარეებმა გამოთქვეს ურთიერთთანამშრომლობის სურვილი კვლევით და  აკადემიურ საკითხებში.