თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ვიზიტი რუსთავის N4 საჯარო სკოლაში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ვიზიტი რუსთავის N4 საჯარო სკოლაში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა, მათთვის დარგობრივი ცოდნის გაზიარება და პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობა წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, პროექტის „თსსუ-ის ელჩები“ ფარგლებში, უნივერსიტეტის წარმომადგენლები ამჯერად რუსთავის N4 საჯარო სკოლას ეწვივნენ. სტუმრობისას მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ, პრაქტიკულად გასცნობოდნენ სამედიცინო სფეროს სპეციფიკას.

ვიზიტმა მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. საგანმანათლებლო პროგრამა რამდენიმე მნიშვნელოვან აქტივობას მოიცავდა, რაც თეორიული მასალისა და პრაქტიკული სავარჯიშოებით იყო წარმოდგენილი.

პირველადი დახმარების საფუძვლები და ქიმიური ექსპერიმენტები

თსსუ-ის კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის გამოცდილმა ინსტრუქტორებმა მოსწავლეებს პირველი გადაუდებელი დახმარების საფუძვლები გააცნეს. ახალგაზრდებმა თეორიული მასალის მოსმენისთანავე პრაქტიკულ სივრცეში გადაინაცვლეს, სადაც შეისწავლეს:

გულ-ფილტვის რეანიმაციის (CPR) ბაზისური პრინციპები;

უსაფრთხო გარემოს შეფასება და საგანგებო სიტუაციებში მოქმედების გეგმა;

სასუნთქი გზებიდან უცხო სხეულის ამოგდების ტექნიკა;

სპეციალურ მანეკენებზე სასიცოცხლო ნიშნების განსაზღვრა, ნახვევების დადება და სიმულაციური სისხლდენების შეჩერება.

პარალელურად, სპეციალურად მოწყობილ კუთხეში, ფარმაციის ფაკულტეტის დეპარტამენტების წარმომადგენლებმა მოსწავლეები ჩართეს ქიმიურ ექსპერიმენტებში. მათ საშუალება ჰქონდათ უშუალოდ გაცნობოდნენ კვლევითი საქმიანობის სპეციფიკასა და სამედიცინო მეცნიერების პრაქტიკულ მხარეს.

მოსწავლეთა შეფასებები და მაღალი ჩართულობა

მოსწავლეების შეფასებით, შეხვედრა უაღრესად ნაყოფიერი და საინტერესო აღმოჩნდა. როგორც მათ აღნიშნეს, უდიდესი გამოცდილება იყო სამედიცინო მანიპულაციების საკუთარი ხელით განხორციელება. მოზარდები განსაკუთრებული ინტერესითა და მონდომებით ასრულებდნენ ინსტრუქტორების დავალებებს მანეკენებზე და აქტიურად სვამდნენ კითხვებს თითოეული პროცედურის შესახებ.

მათი თქმით, ამგვარმა ინტერაქციულმა ფორმატმა სრულიად შეუცვალა წარმოდგენა ექიმისა და ფარმაცევტის პროფესიაზე, აუმაღლა მოტივაცია და ბევრ მათგანს სამომავლო საქმიანობის მედიცინასთან დაკავშირების სურვილი გაუჩინა. მოსწავლეებმა მადლიერება გამოხატეს მიღებული ცოდნისთვის და უნივერსიტეტში სტუმრობის დიდი სურვილიც გამოთქვეს.

პროექტი „თსსუ-ის ელჩები“ და შემოქმედებითი კონკურსი

თსსუ-ის თითოეული შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან პროექტის - „თსსუ-ის ელჩები“ ნაწილია. პროექტის მისიაა მეცხრედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს დაანახოს მედიცინისა და ჯანდაცვის სფეროს მრავალფეროვნება. ეს არის ხელსაყრელი შესაძლებლობა, რათა მოზარდებმა გააკეთონ ინფორმირებული, გააზრებული არჩევანი მომავალი სპეციალობის შერჩევისას და აიმაღლონ ცნობიერება ჯანმრთელობასა და საზოგადოებრივ პასუხისმგებლობაზე.

თსსუ-ისა და სკოლების მეგობრობა გრძელდება - ამ დღიდან კონკურსს „ჩემი თვალით დანახული თსსუ“ რუსთავის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც შემოუერთდნენ. კონკურსის ფარგლებში მათ შესაძლებლობა ექნებათ წარმოადგინონ შემოქმედებითი ნამუშევრები, ხოლო გამარჯვებულები თსსუ-ის ელჩის სტატუსს მოიპოვებენ.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი წარმატებას უსურვებს ახალგაზრდებს და მზადყოფნას გამოთქვამს ახალ სკოლებთან თანამშრომლობისთვის.