2024 წლის 10-13 ივლისს მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი პროგრამის მე-8 სემესტრის სტუდენტებს არჩევით საგანში „დერმატო-ალერგოლოგია“ მეცადინეობები ჩაუტარა თსსუ-ის საპატიო დოქტორმა, თსსუ-ის ვიზიტორ პროფესორმა ელი მაგენმა (ბენ-გურიონის უნივერსიტეტი, ისრაელი).
12 ივლისს პროფესორი ელი მაგენი შეხვდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ირაკლი ნატროშვილს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: თსსუ-ის ვიცე-რექტორი, პროფესორი რუსუდან რუხაძე; რექტორის მრჩეველი, იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი; თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო პროექტების მოზიდვისა და ხელშეწყობის განყოფილების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნონა ჯანიკაშვილი; საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების უფროსი, ასოცირებული პროფესორი თინათინ კილასონია.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამედიცინო განათლების მიმდინარეობასა და პერსპექტივებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.
პროფესორმა ელი მაგენმა, თსსუ-ის სტუდენტებთან ჩატარებული კურსის შესახებ საუბრისას, ხაზი გაუსვა სტუდენტთა განსაკუთრებულ მოტივაციას და პროგრესულ ხედვებს. ასევე, აღნიშნა, რომ თსსუ-ის სტუდენტები და კურსდამთავრებულები კონკურენტუნარიანი არიან მსოფლიოს ნებისმიერ წამყვან უნივერსიტეტში უმაღლესი განათლების შემდგომი საფეხურების გასავლელად.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართული დიასპორის ძლიერ წარმომადგენლობას ისრაელში და მისი ჩართულობის პერსპექტივებს თსსუ-ის აკადემიურ და კვლევით აქტივობებში.
პროფესორმა ელი მაგენმა და პროფესორმა თინათინ ჩიქოვანმა ისაუბრეს მათი სამეცნიერო ჯგუფების ხანგრძლივი და ნაყოფიერი საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგებზე, რაც დასტურდება საერთო პუბლიკაციებით და განხორციელებული პროექტებით.
დაიგეგმა ახალი ერთობლივი პროექტების შემუშავებაც, რისთვისაც თსსუ-ის რექტორმა უნივერსიტეტის მზაობა და მხარდაჭერა გამოხატა.
შეხვედრის დასასრულს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა სტუმარს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.