თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო უცხოელ დოქტორს გადაეცა საქართველოს მთავრობის საპატიო ჯილდო „ოქროს საწმისი“

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო უცხოელ დოქტორს გადაეცა საქართველოს მთავრობის საპატიო ჯილდო „ოქროს საწმისი“

2012 წლის 16 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორს, ავსტრიის მოქალაქეს, ბატონ გეორგ სიდოროვს სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ გადასცა საქართველოს მთავრობის საპატიო ჯილდო „ოქროს საწმისი“.

რექტორმა მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა: „ბატონი გეორგ სიდოროვი 20 წლის განმავლობაში თანამშრომლობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან. იგი პირველი უცხოელი პროფესორია, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ, გვერდით დაუდგა ქართველ კოლეგებს და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედაგოგიურ კოლექტივს. მას 1995 წელს მიენიჭა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.“

     

ბატონ სიდოროვს დიდი წვლილი მიუძღვის ინსბრუკისა (ავსტრია) და თბილისის სამედიცინო საზოგადოებების დაახლოებაში: თსსუ–ში ჩამოვიდა ავსტრიელ პროფესორთა პირველი დიდი დელეგაცია;
გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თსსუ–სა და ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტს შორის;
ჩატარდა ერთობლივი კონფერენციები;
ავსტრიელმა პროფესორებმა ჩაატარეს ლექციები თსსუ–ის სტუდენტებისა და რეზიდენტებისათვის;
ავსტრიის სამედიცინო კლინიკებში მოკლე და გრძელვადიანი სტაჟირება გაიარა 80–ზე მეტმა ქართველმა სტუდენტმა და ახალგაზრდა ექიმმა;
ინსბრუკის სამედიცინო კლინიკებმა ტექნიკური დახმარება გაუწიეს და თანამედროვე აღჭურვილობა გადასცეს თსსუ–ის კლინიკებს;
ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტმა თსსუ–ს ბიბლიოთეკას გადასცა უახლესი სამედიცინო ლიტერატურა;
ავსტრიელმა ექიმებმა უსასყიდლო კონსულტაციები და ოპერაციები ჩაუტარეს ქართველ პაციენტებს.

     

დაჯილდოვებაზე სიტყვით გამოვიდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის პროგრამების კოორდინატორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ამირან გამყრელიძე, თსსუ–ის უცხო ენების შემსწავლელეი ცენტრის დირექტორი, პროფესორი მანანა ქუთელია, მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორი, პროფესორი გოჩა ინგოროყვა, ქალაქ თბილისის მერიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მთავრი სპეციალისტი ელენე სინაურიძე.