თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი დავით ბაბუნიძე – კიეტი-პესკარას დ'ანუნციოს უნივერსიტეტის  „სტუდენტთა XIII საერთაშორისო ჩემპიონატი კბილთა რესტავრაციაში“ - მიიღებს მონაწილეობას

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი დავით ბაბუნიძე – კიეტი-პესკარას დ'ანუნციოს უნივერსიტეტის „სტუდენტთა XIII საერთაშორისო ჩემპიონატი კბილთა რესტავრაციაში“ - მიიღებს მონაწილეობას

   
   

5-6 ივნისს, ქ. კიეტიში (იტალია), კიეტი-პესკარას დ'ანუნციოს უნივერსიტეტში ტარდება სტუდენტთა XIII საერთაშორისო ჩემპიონატი (Jules Allemand Trophy) კბილთა რესტავრაციაში კომპანია Micerium S.p.A.-ს პროდუქტის, Enamel Plus HRI-ის გამოყენებით.

საქართველოს უკვე მესამე წელია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი წარმოადგენს.

საერთაშორისო სტუდენტურ ჩემპიონატში მონაწილეობისთვის სტუდენტთა შერჩევას, მათ ტრენინგს და საუნივერსიტეტო კონკურსის ორგანიზებას ტრადიციულად ოდონტოლოგიის დეპარტამენტი ახორციელებს, ხოლო ჩემპიონატის ეტაპები თსსუ–ის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკის სასწავლო აუდიტორიებში იმართება.

წელს საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობის სურვილი თსსუ–ის სტომატოლოგიის ფაკულტეტის X სემესტრის 37-მა სტუდენტმა გამოთქვა. ლექცია, მასტერ-კლასების გავლის შემდეგ ჩატარდა 1/8, 1/4 და 1/2 ფინალი.

კონკურსის მაქსიმალური ობიექტურობისთვის თაბაშირის სპეციალურ მოდელებზე შესრულებული რესტავრაციები დაშიფრული იყო.

ნამუშევრებს დამოუკიდებელი არბიტრები აფასებდნენ. ჟიური 7 წევრით განისაზღვრა. დაძაბული ფინალის შემდეგ გამოვლინდა გამარჯვებული - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის X სემესტრის IV ჯგუფის სტუდენტი დავით ბაბუნიძე.
გამარჯვების საზეიმო გამოცხადებას ესწრებოდნენ ჟიურის წევრები: კომპანია Micerium S.p.A.-ს ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში და საუნივერსიტეტო ჩემპიონატის უცვლელი სპონსორი კომპანია Dental Market-ი (ლ. თორთლაძე, ი. მაჭავარიანი, თ. სხვიტარიძე).

საუნივერსიტეტო ჩემპიონატის ჩატარების ორგანიზატორი და ტრენერი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნინო კორსანტია.

ჟიურის თავმჯდომარემ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მარინა მამალაძემ ყველას მიულოცა ჩვენი სტუდენტის დიდი გამარჯვება და იტალიიდან მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულით დაბრუნება უსურვა. 

ჩვენც ვუერთდებით მილოცვას და წარმატებას ვუსურვებთ გამარჯვებულს.