თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები ღრმაღელის წყალსადენის სათავო ნაგებობის მუშაობას გაეცნენ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები ღრმაღელის წყალსადენის სათავო ნაგებობის მუშაობას გაეცნენ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი  ჯანდაცვის ფაკულტეტის II კურსის სტუდენტების მიერ სპეციალური დისციპლინის - ბუნებრივი გარემოს ჰიგიენის შესწავლის პროცესში, სასმელი წყლისა და წყალმომარაგების ჰიგიენის საკითხების პრაქტიკული მხარის უკეთ ათვისების მიზნით, გარემოს ჯანმრთელობისა და პროფესიული მედიცინის მიმართულების (ხელმძღვანელი - პროფესორი რევაზ კვერენჩხილაძე) ინიციატივით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიმ“ (GWP) სტუდენტებისათვის მოაწყო სამი საინფორმაციო-შემეცნებითი ტური.

სტუდენტები გაეცნენ ღრმაღელის სათავო ნაგებობას და წყლის ხარისხის მაკონტროლირებელ ცენტრალურ ქიმიურ-მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიას.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორია, ISO-17025-ის სტანდარტით აკრედიტებული ერთ-ერთი პირველი ტექნიკურად კომპეტენტური და დამოუკიდებელი ლაბორატორიაა საქართველოში, რომელიც სასმელი წყლის ხარისხის კვლევას უწყვეტ დღეღამურ რეჟიმში ახორციელებს. ცენტრალური ლაბორატორია კოორდინაციას უწევს კომპანიის დანარჩენი ლაბორატორიების ფუნქციონირებას. სტუდენტებმა საკუთარი თვალით იხილეს, როგორ აკონტროლებენ ლაბორატორიის სპეციალისტები სასმელი წყლის ორგანოლეპტიკურ, ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებსა და პარამეტრებს, ასევე, როგორ ახდენენ ქლორის დოზირებას და სასმელ წყალში ნარჩენი ქლორის შემოწმებას.

სტუდენტები ყველა იმ ძირითად ტექნოლოგიურ პროცესს გაეცნენ, რომელსაც ნედლი წყალი სასმელ წყლად გარდაქმნისას განიცდის და თავად დარწმუნდნენ, რომ თბილისში ონკანიდან წამოსული სასმელი წყალი ხარისხიანი პროდუქტია.

ჩატარებული ღონისძიებით სტუდენტები კმაყოფილი დარჩნენ და აღნიშნეს, რომ ანალოგიური ღონისძიებები ხელს უწყობს მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულად განმტკიცებას.

იხ. სიუჟეტი