თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიები და პრემია მიიღეს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიები და პრემია მიიღეს

თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოთხ სტუდენტს სტიპენდიები და პრემია გადასცა.

აღნიშნულის შესახებ თსსუ-ში ფონდის თანადამფუძნებელმა და პროექტების ხელმძღვანელმა, გოგა ჩანადირმა და კომუნიკაციების მენეჯერმა მარიამ ცანდიშვილმა შეხვედრა გამართეს თსსუ-ის რექტორთან, პროფესორ ირაკლი ნატროშვილთან, ადმინისტრაციულ პერსონალთან და სტუდენტებთან.

როგორც გოგა ჩანადირმა აღნიშნა, მათი მიზანია უმაღლესი განათლების ხელშეწყობა და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტუდენტებმა იცოდნენ, რომ მათი შრომა ფასდება. მიხარია, რომ თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის დიდი სურვილი და გადაწყვეტილება იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა“, - განაცხადა გოგა ჩანადირმა. 

თავის მხრივ, თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს მადლობა გადაუხადა 4 წლიანი წარმატებული თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სტუდენტების წახალისება სწავლების პროცესში.

„დიდი მადლობა თამაზ ბექაიას ფონდს ნიჭიერი სტუდენტების წახალისებისთვის, რომელიც ხელს უწყობს მათ სწრაფვას  განვითარებისთვის“, - განაცხადა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.

აღსანიშნავია, რომ სტიპენდია მიიღეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფარმაციის ფაკულტეტებისა და საექთნო საქმის და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებმა: საბა ბაჩალიაშვილმა, ნინი ტატიშვილმა, თამარ მაჭარაშვილმა, ხოლო ფონდის პრემიის მფლობელი გახდა საბა წურწუმია.