2022 წლის 27-28 ოქტომბერს, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ორგანიზებით და Erasmus+ მობილობის პროგრამის ფარგლებში, ჩატარდა ღონისძიება „საქართველოს დღეები ბონის უნივერსიტეტში“.
ღონისძიებაზე ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი: მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თინათინ ტყემალაძე; საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ლევან ბარამიძე და ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი თინათინ კუტუბიძე. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
კონფერენციაზე თსსუ-ის წარმომადგენლების მიერ გაკეთდა მოხსენებები საქართველოში Covid 19-ის გავრცელების, მიმდინარეობის, მკურნალობის სპეციფიკის და ზოგიერთი იშვიათი დაავადებების გენეტიკური თავისებურებების შესახებ.
ვიზიტისას თსსუ-ის დელეგაციის წევრები ეწვივნენ ბონის საუნივერსიტეტო კლინიკებსა და სამეცნიერო-კვლევით ცენტრებს, ასევე, შეხვედრები გამართეს გერმანელ კოლეგებთან. ამ მიმართულებით აღსანიშნავია, გენომური სტატისტიკის და ბიოინფორმატიკის განყოფილების ხელმძღვანელის, პროფესორ პიტერ კრავიცისა და მისი გუნდის წევრების შეხვედრა პროფესორ თინათინ ტყემალაძესთან უკვე მიმდინარე ერთობლივ კვლევით პროექტებთან - „Bone2Gene“ და „GestaltMatcher“ დაკავშირებით.
უნდა აღინიშნოს, რომ ღონისძიების „საქართველოს დღეები ბონის უნივერსიტეტში“ მომზადებასა და განხორციელებაში დიდი წვლილი მიუძღვის თსსუ-ის საპატიო დოქტორს, ბონის უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორს მიხაელ ლენტცეს.