თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და სოფიის სამედიცინო უნივერსიტეტი თანამშრომლობის გაფართოებას გეგმავს. ახალი ერთობლივი პროექტებისა და სამომავლო თანამშრომლობის ახალი პერსპექტივების განსაზღვრის, ასევე მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს სოფიის სამედიცინო უნივერსიტეტიდან დელეგაცია ესტუმრა.
ბულგარელ სტუმრებს თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა უმასპინძლა. რექტორმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ თსსუ აქტიურად ჩაერთვება ახალ ორმხრივ პროექტებში, როგორც სასწავლო ასევე სამეცნიერო მიმართულებით.
,,ყველა კოლაბორაცია უცხოურ უნივერსიტეტებთან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პერსპექტიულია, ეს შეხვედრა კიდევ ერთი ნაბიჯია ორი უნივერსიტეტის წარმატებული თანამშრომლობის მიმართულებით “ – განაცხადა თსსუ-ის რექტორმა.
„მრავალი წელია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და სოფიის სამედიცინო უნივერსიტეტს შორის წარმატებით მიმდინარეობს თანამშრომლობა, რომელიც ძირითადად საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის მიმართულებით ხორციელდება. ჩვენი დიდი სურვილია თსსუ-თან კოლაბორაცია უფრო მასშტაბური და მრავალმხრივი გავხადოთ. სოფიის უნივერსიტეტი აფართოებს ერასმუსის პროგრამებს მედიცინის, სტომატოლოგიის და რეაბილიტაციის მიმართულებით. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ თანამედროვე სამეცნიერო პროექტებზე, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, გენომიკა და გენეტიკა. გვსურს, ამ პროცესში თქვენი უნივერსიტეტიც ჩაერთოს.“ – აღნიშნა სოფიის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ანჟელიკა ველკოვა-მონოვამ.
სოფიის სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: სოფიის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი აკადემიური მიმართულებით, პროფესორი ანჟელიკა ველკოვა-მონოვა, ვიცე-რექტორი საერთაშორისო ინტეგრაციის და პროექტების დაფინანსების მიმართულებით, პროფესორი ვენტსისლავა პენტჩევა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი თოდორ კუნდურზიევი.