თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა  „COST”-ისა და „Horizon 2020“-ის პროგრამების შესახებ საინფორმაციო დღეს უმასპინძლა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა „COST”-ისა და „Horizon 2020“-ის პროგრამების შესახებ საინფორმაციო დღეს უმასპინძლა

 
   

2017 წლის 20 დეკემბერს,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში „COST“-ისა და „Horizon 2020“-ის წარმომადგენლებმა საინფორმაციო დღე გამართეს.

"COST" - ევროპის კოოპერაცია მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა, რომელიც ეხმარება მკვლევარებს  განავითარონ ინტერდისციპლინური კვლევითი ურთიერთობები და შექმნან ერთობლივი ქსელები ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ. პროგრამა აფინანსებს სამეცნიერო ღონისძიებების, კონფერენციების, ტრენინგების ჩატარებას, მცირეხნიან სამეცნიერო მივლინებებს და სხვა.

მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში ევროპის კოოპერაციის (COST) წარმომადგენელმა აუდიტორიას დეტალურად გააცნო ინფორმაცია „COST“-ის პროგრამიდან დაფინანსების მოზიდვის შესაძლებლობის შესახებ. ამ პროგრამის სამეცნიერო მიმართულების ოფიცერმა, ქალბატონმა ინგა დადეშიძემ, მოხსენება გააკეთა COST Action-ის ძირითადი მიმართულებების, მასში მონაწილეობის წესებისა და სხვადასხვა შესაძლებლობის შესახებ. მარი სკლადოვსკა-კიურის აქტივობები წარმოადგინა ჰორიზონტი 2020-ის საკონტაქტო პირების ეროვნულმა კოორდინატორმა, ქალბატონმა ნათია გაბიტაშვილმა. ჯანმრთელობის მიმართულების 2018-2020 წლების სამუშაო პროგრამის ძირითადი მიმართულებების შესახებ ისაუბრა ჰორიზონტი 2020-ის მიმართულების – „ჯანმრთელობა, დემოგრაფიული ცვლილება და კეთილდღეობა“ - ეროვნულმა საკონტაქტო პირმა და ამავდროულად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაკოთერაპიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა,  ქალბატონმა მაია ოკუჯავამ.

საინფორმაციო დღეს ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორები, თსსუ-ის ვიცე-რექტორი პროფესორი რიმა ბერიაშვილი. ვიცე-რექტორი მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და მადლობა გადაუხადა მათ დაინტერესებისათვის.  ასევე, მადლობა გადაუხადა „COST“-ისა და „Horizon 2020“-ის  წარმომადგენლებს ინიციატივისა და შეხვედრის ორგანიზებისათვის. პროფესორმა, რიმა ბერიაშვილმა  აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა პროგრამის პოპულარიზაციის, საერთაშორისო პარტნიორების მოზიდვის, პროგრამების თანადაფინანსების საკითხებში და  მომავალშიც, უნივერსიტეტი უფრო დიდი ძალისხმევით, გააგრძელებს სამედიცინო მეცნიერების განვითარებაში მონაწილეობას და გაზრდის ახალგაზრდების  ჩართულობას სამეცნიერო საქმიანობაში.