თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა DAAD-SDG ფონდის საერთაშორისო პროექტის კოორდინატორებს უმასპინძლა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა DAAD-SDG ფონდის საერთაშორისო პროექტის კოორდინატორებს უმასპინძლა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს DAAD-SDG ფონდის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო საპარტნიორო პროექტის „მედიცინისა და ბიოლოგიის პროფილის ქართველი სტუდენტების მომზადება სამეცნიერო კარიერისთვის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებსა და მედიცინაში“ კოორდინატორები – ჰანოვერის სამედიცინო სკოლის პროფესორი ულრიხ მარტინი და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი, დოქტორი გაბი ფრორიეპი - ესტუმრნენ.

2 დღიანი ვიზიტის  (19-20 თებერვალი) ფარგლებში პროფესორმა ულრიხ მარტინმა ჩაატარა ორი ლექცია მოლეკულური ბიოლოგიის მეთოდებში, რომლებიც მოიცავდა რეკომბინანტული დნმ ტექნოლოგიების ტრადიციულ, თანამედროვე და მომავლის მიდგომებს.

ლექციების სამიზნე აუიტორია თსსუ-ის ის სტუდენტები იყვნენ, რომლებმაც 2024 წელს გაიარეს არჩევითი კურსი „მზადება სამეცნიერო კარიერისთვის“ და ახლა ემზადებიან 2025 წლის LISA საზაფხულო აკადემიის სტაჟირებისთვის ჰანოვერის სამედიცინო სკოლაში.

დაგეგმილი სტაჟირება სტუდენტებს საშუალებას მისცემს შეისწავლონ და პრაქტიკულად აითვისონ შესაბამისი მეთოდები, რაც მათ  თსსუ-ის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე ინდივიდუალური კვლევითი პროექტების განხორციელებაში დაეხმარება. 

ლექციებს ასევე ესწრებოდნენ თსსუ-ის იმუნოლოგიის, მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტების წარმომადგენლები, დაინტერესებული სტუდენტები და მკვლევრები.

ვიზიტის პირველი დღე ასევე დაეთმო ახალი აპლიკანტების ინტერვიუებს არჩევითი კურსისთვის „მზადება სამეცნიერო კარიერისთვის“. 2025 წელს აღნიშნულ კურსს გაივლის დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის მერვე სემესტრის თერთმეტი სტუდენტი, რომლებსაც ექნებათ შესაძლებლობა მოემზადონ 2026 წლის LISA საზაფხულო აკადემიის სტაჟირებისა და ინდივიდუალური კვლევითი პროექტების განხორციელებისთვის. აღნიშნულ კურსზე მოხალისედ დარეგისტრირდნენ ასევე მე-7 და მე-10 სემესტრის სტუდენტები.

ვიზიტის მეორე დღეს თსსუ-მ პროექტის საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრას უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობდნენ: პროფესორი ხათუნა თოდაძე; პროფესორი თინათინ ჩიქოვანი: პროფესორი თინათინ ტყემალაძე, ასოცირებული პროფესორი ნონა ჯანიკაშვილი, ასოცირებული პროფესორი ეკა კვარაცხელია, თსსუ-ის მოწვეული პედაგოგი ქეთევან მექვაბიძე, თსსუ-ის ფინანსური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვახტანგ ბეროშვილი.

შეხვედრის მონაწილეებს პროექტის მენეჯერმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნონა ჯანიკაშვილმა, პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების, მიღწევებისა და სამომავლო ამოცანების შესახებ  ანგარიში გააცნო. უცხოელმა კოორდინატორებმა დადებითად შეაფასეს თსსუ-ის ჩართულობით განხორციელებული პროექტის მიმდინარეობა და იმსჯელეს ჩვენი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის საერთაშორისო თანამშრომლობისა და მხარდაჭერის გაძლიერების პერსპექტივებზე.

DAAD-SDG ფონდის საერთაშორისო პროექტი „მედიცინისა და ბიოლოგიის პროფილის ქართველი სტუდენტების მომზადება სამეცნიერო კარიერისთვის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებსა და მედიცინაში“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პარტნიორობით 2024 წლის იანვარიდან ხორციელდება.