თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა

2022 წლის 7 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  ოდონტოლოგიის დეპარტამენტს OSCE-ის (ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა) საგამოცდო პროცესის დაგეგმვის და მიმდინარეობის შესახებ გამოცდილების მისაღებად ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. 

დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: პროფესორი ლაზარ იესაიანი, სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი; პროფესორი მარგარიტა ხუდავერდიანი, სტომატოლოგიური განათლების ცენტრის ხელმძღვანელი; ლუზინა გალსტიანი - ასოცირებული პროფესორი (თერაპიული სტომატოლოგიის დეპარტამენტი, სტომატოლოგიის ფაკულტეტი); ასოცირებული პროფესორი სედა ბურნაზიანი (ქირურგიული სტომატოლოგიისა და ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტი, სტომატოლოგიის ფაკულტეტი); ასოცირებული პროფესორი სერგო ჰოვჰანისიანი (ორთოპედიული სტომატოლოგიის დეპარტამენტი, სტომატოლოგიის ფაკულტეტი); ასოცირებული პროფესორი ელენ ბადეიანი (ბავშვთა სტომატოლოგიისა და ორთოდონტიის დეპარტამენტი, სტომატოლოგიის ფაკულტეტი); ასოცირებული პროფესორი მიქაილ ნალბანდიანი (ბავშვთა სტომატოლოგიისა და ორთოდონტიის დეპარტამენტი, სტომატოლოგიის ფაკულტეტი).

ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციის წევრები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აპოლონ ურუშაძის სახელობის  სტომატოლოგიურ კლინიკაში შეხვდნენ ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ მარინა მამალაძეს. სტუმრები თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტში OSCE-ის (ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა) საგამოცდო პროცესს დაესწრნენ. 

მათი შეფასებით, ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის (OSCE)  დასაგეგმად  და ჩასატარებლად  თსსუ-ში მიღებული გამოცდილება ფასდაუდებელია.

ვიზიტის ბოლოს, დელეგაციას თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ ვიცე-რექტორებთან, დეკანებთან და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად უმასპინძლა. შეხვედრაზე თსსუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ხათუნა თოდაძემ სტუმრებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა, ასევე, განხილულ იქნა მომავალი ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები.