თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა „რეას“ ბენეფიციარებს უმასპინძლა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა „რეას“ ბენეფიციარებს უმასპინძლა

   
   

2015 წლის 25 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საინტეგრაციო ცენტრის "რეა"  ბენეფიციარებს უმასპინძლეს.

მოეწყო მათი ხელნაკეთი ნივთების საშობაო გამოფენა-გაყიდვა. ასევე, სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტისა და ხელოვნების ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით ჩატარდა კონცერტი, რომელსაც საპატიო სტუმრების სტატუსით "რეას" ბენეფიციარები და მათი თანმხლები პირები დაესწრნენ.

კონცერტის დაწყებამდე დარბაზში შეკრებილებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე–რექტორმა, პროფესორმა ხათუნა თოდაძემ მიმართა. მან აღნიშნა, რომ უკვე მეორე წელია უნივერსიტეტი და "პალიტრამედია" ერთობლივად ახორციელებენ პროექტს, რომლის საფუძველზეც "რეას" მხარდამჭერი სტუდენტური კლუბი "ტრირეა" დაფუძნდა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდასაჭერად შექმნილ სტუდენტურ კლუბს ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტები ხელმძღვანელობენ.

შეხვედრაზე მოწვეულ "რეას"  ცენტრის ბენეფიციარებს სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ტკბილეული გადასცეს.

კავშირ "რეას" გამგეობის თავმჯდომარემ ელისო რეხვიაშვილმა დიდი მადლიერება გამოხატა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისადმი და აღნიშნა, რომ ეს ერთ–ერთი ყველაზე სტაბილური და მრავლისმომცემი პარტნიორობაა, რომელიც დადებითად აისახება როგორც „რეას“ მომავალზე, ისე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების სამომავლო საქმიანობაზე.