თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ცერემონია გაიმართა. 2025 წლის 24 თებერვალს თსსუ-ში სწავლა 5 ფაკულტეტის: მედიცინის, სტომატოლოგიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის და საექთნო საქმისა და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამების 388 სტუდენტმა დაასრულა.
თითოეული ფაკულტეტის და პროგრამის ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე სტუდენტები დეკანებმა და თსსუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სიმბოლურად შემოსეს მანტიებით. ღონისძიების დასასრულს კურსდამთავრებულებმა საზეიმოდ დადეს ფიცი.
თსსუ-ში სწავლის დასრულება ყოფილ სტუდენტებს მიულოცეს დეკანებმა. ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა და პროფესიული წარმატება უსურვა კურსდამთავრებულებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.
„თქვენ დაეუფლეთ პროფესიას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანურია და არ გულისხმობს მხოლოდ პროფესიულ საქმიანობას. ეს არის მოწოდება ემსახუროთ ადამიანებს, დაიცვათ მათთვის ყველაზე ძვირფასი და სათუთი რამ – ჯანმრთელობა და სიცოცხლე.
რამდენიმე რჩევას მოგცემთ, როგორც თქვენი პედაგოგი და უფროსი კოლეგა. მედიცინა არის დარგი, რომელიც უწყვეტად ვითარდება. არასდროს დაკმაყოფილდეთ მიღებული ცოდნით. გამოხატეთ მზაობა ახალი ინფორმაციის და უნარების შემეცნებისთვის, რადგან მხოლოდ უწყვეტი ზრდა განაპირობებს თქვენს პროფესიულ წარმატებას. ყოველთვის დიდი გულისყურით მოუსმინეთ პაციენტს. თითოეული შემთხვევა, თუნდაც ერთი შეხედვით ნაკლებად საყურადღებო, შესაძლოა პაციენტისთვის უმნიშვნელოვანესი იყოს. სწორედ ამ დროს გრძნობს ის თქვენს თანადგომას და ზრუნვას. მოუსმინეთ კოლეგებს. არასდროს ითაკილოთ მათთვის რჩევის კითხვა. იცოდეთ კონსილიუმით მიღებული გადაწყვეტილება არის ყველაზე მართებული გადაწყვეტილება.
მინდა დიდი სიამაყით ატაროთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის სახელი, რადგან ის არა მხოლოდ პროფესიის, არამედ უდიდესი პასუხისმგებლობის სიმბოლოა;“ - კურსდამთავრებულებს მიმართა უნივერსიტეტის რექტორმა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს ყველა კურსდამთავრებულს ამ ღირსშესანიშნავ თარიღს და უსურვებს წარმატებებს პროფესიული განვითარების გზაზე!