თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს გრენობლის (საფრანგეთი) მენეჯმენტის და აღსრულების აკადემიის ,,UniMan

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს გრენობლის (საფრანგეთი) მენეჯმენტის და აღსრულების აკადემიის ,,UniMan"-ის დელეგაცია ეწვია

2017 წლის 30-31 ოქტომბერს ქ. თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამის „უცხოელი პროფესორების ვიზიტები თბილისში“ ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია გრენობლის (საფრანგეთი) მენეჯმენტის და აღსრულების აკადემიის ,,UniMan"-ის დელეგაცია: ჯანდაცვის მენეჯმენტის დეპარტამენტის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ბრაიან ქროსმანი, ჯანდაცვის მენეჯმენტის დეპარტამენტის პროფესორი, რობერტ მიჩიტი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ წითლანაძე-ჟოკაი და ფრანგულის სწავლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი - სებასტიან ჟოკაი.

პროფესორებმა: ბრაიან ქროსმანმა და რობერტ მიჩიტმა თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამის „საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი“-ს სტუდენტებისათვის წაიკითხეს ლექციები ჰოსპიტალური მენეჯმენტის აქტუალურ საკითხებზე. სალექციო ნაწილის შემდგომ სტუმრებმა შეხვედრა გამართეს ქ.თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე უცხოელმა პროფესორებმა მერიის წარმომადგენლებს გაუზიარეს საფრანგეთის გამოცდილება განათლების და ჯანდაცვის სფეროში,  ასევე განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის  გზები, თბილისის მასშტაბით მიმდინარე პროგრამები, პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო პროექტები ჯანდაცვისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალიზაციის  მიმართულებით.