თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს  ორი  ახალი საპატიო დოქტორი ჰყავს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ორი ახალი საპატიო დოქტორი ჰყავს

 

2013 წლის 21 ივნისს, გაიმართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების გაერთიანებული სხდომა.

დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების განხილვამდე, მოხდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორსთვის გიორგი გრიგოლიასა და პროფესორისა და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორისთვის ფლორიან ლოესათვის.

აკადემიური საბჭოს წევრების წინაშე წინადადებით გამოვიდა თსსუ–ის  მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მედიცინის ფაკულტეტის საბჭოს მიერ 25 მაისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორისთვის გიორგი გრიგოლიასა და პროფესორისათვის და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორისთვის ფლორიან ლოესათვის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ. მან საბჭოს წარუდგინა მათი დეტალური ბიოგრაფიული მონაცემები და აღნიშნა, რომ მათი თაოსნობით უნივერსიტეტის 20-მა რეზიდენტმა და 50-მდე სტუდენტმა კლინიკური  პრაქტიკა გაიარა მიუნხენისა და ლანდსჰუტის კლინიკებში. მომავალში დაგეგმილია რეზიდენტთა გაცვლითი პროგრამები და სამეცნიერო კვლევითი სამუშაოების შემდგომი გაფართოება.

თსსუ–ის უცხო ენების შემსწავლელი ცენტრის დირექტორმა,  პროფესორმა  მანანა ქუთელიამ აღნიშნა, რომ გიორგი გრიგოლია არის მისი ყოფილი სტუდენტი, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა ნიჭიერებით და მიზანსწრაფულობით. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მან წარმატებით გააგრძელა მოღვაწეობა გერმანიაში, მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, გაიარა პროფესიული სრულყოფის ყველა საფეხური და ამჟამად კლინიკაში უფროსი ექიმის მოვალეობას ასრულებს. იგი ზრუნავს მშობლიური უნივერსიტეტის ახალგაზრდა თაობაზე და ყოველწლიურად მიუნხენში სტაჟირებაზე მიჰყავს სტუდენტები და რეზიდენტები მათი პროფესიული სრულყოფის მიზნით. მისი ძალისხმევით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ლექციების წასაკითხად ჩამოდიან მიუნხენის უნივერსიტეტის ცნობილი პროფესორები - შტიგლერი, შაუერი, ლოე და სხვ.

სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა  ზურაბ ვადაჭკორიამ აღნიშნა, რომ გიორგი გრიგოლიას პროექტის ფარგლებში გერმანიაში ყველაზე მეტმა სტუდენტმა და რეზიდენტმა გაიარა სტაჟირება და მათ უმეტესობას ეძლეოდა სტიპენდია, გერმანული მხარე აფინანსებდა მათი ცხოვრებისა და კვების ხარჯებს.

საბჭოს წევრებმა ღია კენჭისყრით ერთხმად დაუჭირეს მხარი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორისთვის გიორგი გრიგოლიასა და პროფესორისთვის და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორისთვის ფლორიან ლოესათვის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების საკითხს.

     

გიორგი გრიგოლიამ მადლობა გადაუხადა აკადემიურ საბჭოს დიდი ნდობისა და დაფასებისათვის და აღნიშნა, რომ იგი მომავალში ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაამართლოს ეს ნდობა და კიდევ უფრო გააფართოვოს მიუნხენის უნივერსიტეტთან მისი მშობლიური უნივერსიტეტის თანამშრომლობა.

ამავე დროს,  ბატონმა გიორგი  გრიგოლიამ  გაერთიანებული საბჭო წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ მისი დიდი სურვილია, თსსუ–ში  დაწესდეს მისი მამის, პროფესორ ნოდარ გრიგოლიას სახელობის სტიპენდია, რომლითაც დაფინანსდება მედიცინის ფაკულტეტის დამამათავრებელი კურსის სტუდენტი.  პროფესორ ნოდარ გრიგოლიას სახელობის სტიპენდიას იგი პირადად გადასცემს ერთი სასწავლო წლის მანძილზე  ქირურგიის დარგით დაინტერესებულ დამამთავრებელი კურსის  წარჩინებულ სტუდენტს, „რომელსაც ისევე თავდაუზოგავად  ეყვარება ქირურგია, როგორც მამამისს –პროფესორ ნოდარ გრიგოლიას უყვარდა“. სტიპენდია დაფინანსებული იქნება თავად გიორგი გრიგოლიას  შემოსავლებიდან.