თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს უკრაინის დელეგაცია სტუმრობდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს უკრაინის დელეგაცია სტუმრობდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს თსსუ-ის საპატიო დოქტორი, სტომატოლოგიური კლინიკა სტუდია „აპოლონიას“ კლინიკური ხელმძღვანელი, საერთაშორისო სტომატოლოგიური კოლეგიის ევროპის სექციის  მე-15 დეპარტამენტის რეგენტი  სერგეი რადლინსკი და  სტომატოლოგიური კლინიკა სტუდია „აპოლონიას“ სასწავლო-პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელი ვერა რადლინსკა (პოლტავა, უკრაინა) სტუმრობდნენ.

20 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორმა სერგეი რადლინსკიმ სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის და აკადემიური პერსონალისთვის წაიკითხა ლექცია  თემაზე: “კბილთა სისტემური ცვეთის პირდაპირი რესტავრაცია”.

აღსანიშნავია, რომ  კბილების სისტემური ცვეთის საკითხები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის, ორთოპედიის, ორთოდონტიისა და პაროდონტოლოგიის დეპარტამენტების სასწავლო სილაბუსებშია შეტანილი. სწორედ ამიტომ, სერგეი რადლინსკის ლექცია „კბილთა სისტემური ცვეთის პირდაპირი რესტავრაცია“, არა მარტო საინტერესო, არამედ მაღალი თეორიული და პრაქტიკული ღირებულების მქონე იყო თსსუ-ის  სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის.

ლექციის შემდეგ, სერგეი რადლინსკი, როგორც სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის (ICD) მე-15 დეპარტამენტის რეგენტი, თსსუ-ის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიურ კლინიკაში შეხვდა კავკასიის რეგიონზე (საქართველო,სომხეთი, აზერბაიჯანი) პასუხისმგებელ ვიცე-რეგენტს და ICD-ის ქართველ წევრებს, რომელთა უმრავლესობა თსსუ-ის აკადემიური პერსონალია.

მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე მათ მოისმინეს ვიცე-რეგენტის, თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ მარინა მამალაძის ანგარიში, ასევე, განიხილეს კოლეგიის ახალ წევრებად იმ სტომატოლოგთა კანდიდატურები, რომლებიც ჩვენი ქვეყნიდან არიან წარდგენილნი. აღსანიშნავია, რომ მათი საზეიმო მიღება 2023 წელს, ამსტერდამში,  ICD-ის 66-ე კონგრესზე მოხდება.

შეხვედრის ბოლოს, თსსუ-ის კიდევ ერთმა  უკრაინელმა სტუმარმა ვერა რადლინსკამ, რომელიც პოლტავაში სტომატოლოგიის კლინიკა სტუდია „აპოლონიას“ სასწავლო ცენტრის დირექტორია, სერგეი რადლინსკისთან ერთად დაათვალიერა სტომატოლოგიის ფაკულტეტის სიმულატორების ცენტრი და ქართველ კოლეგებს მათი სასწავლო ცენტრის საქმიანობის შესახებ გამოცდილება გაუზიარა. ასევე, სტუმრები იმყოფებოდნენ თსსუ-ის კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრში.

ცნობისთვის, 2022 წლის 19 სექტემბერს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და პოლტავას სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის, რომლის წარმომადგენელიც თსსუ-ში სწორედ სერგეი რადლინსკი იყო.

აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების გაფორმებამდე, უკრაინელი სტუმრები: სერგეი რადლინსკი და ვერა რადლინსკა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 2022-2023 სასწავლო წლის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ.