“თეთრი ხალათების ცერემონიალი” თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

“თეთრი ხალათების ცერემონიალი” თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2013 წლის 16 სექტემბრიდან, თბილისის სახემწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დაიწყო ახალი – „დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა“, რომელიც შემუშავდა და განხორციელდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ემორის უნივერსიტეტის (აშშ, ატლანტა) სამედიცინო სკოლის (ESOM) ერთობლივი  პროექტის საფუძველზე. ინგლისურენოვანი სწავლება და პროგრამის სტრუქტურა გაუადვილებს სტუდენტებს სწავლის პროცესშივე ჩააბარონ აშშ სამედიცინო ლიცენზირების გამოცდის (United State Medical Licensing Examination – USMLE ) ორივე საფეხური. სწავლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს მიენიჭება „დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი“.

მიმდინარე სასწავლო წელს პროგრამაზე სწავლა დაიწყო 27 სტუდენტმა. 

2013 წლის 28 სექტემბერს, „დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის“ სტუდენტებისთვის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის სხდომათა დარბაზში ჩატარდა „თეთრი ხალათების ცერემონიალი“. ცერემონიალი ამერიკის შეერთებული შტატების სამედიცინო უნივერსიტეტების ტრადიციული რიტუალია, რომლის დროსაც სტუდენტი საზეიმო ვითარებაში იმოსება თეთრი ხალათით, რომელიც არის სიმბოლო მომავალი ექიმობის.

     

„თეთრი ხალათების ცერემონიალი“ გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია. ცერემონიალს ესწრებოდნენ: ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, ბატონი რიჩარდ ნორლანდი, ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო  სკოლის პროფესორი, საქართველოსა და თბილისის საპატიო მოქალაქე, პროფესორი კენეტ ვოლკერი, თსსუ–ის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, თსსუ–ის უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი გიორგი გიორგობიანი, ემორის უნივერსიტეტის კვლევითი პროგრამების დირექტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი არჩილ უნდილაშვილი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ყელ–ყურ–ცხვირის სნეულებათა დეპარტამენტის სრული პროფესორი, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი შოთა ჯაფარიძე.

     

ცერემონიალის მსვლელობისას, ტელეხიდის მეშვეობით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან „დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის“ სტუდენტებს მიესალმნენ: ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის სასწავლო პროგრამების კოორდინატორი, პროფესორი გორდონ ჩერჩვორდი და პროფესორი მერი ჯო ლეკოვიჩი.

     
     

ცერემონიალის კულმინაციურ ნაწილში „დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის“ თითოეულ მონაწილეს საზეიმო ვითარებაში თეთრი ხალათები ჩააცვეს და ფონედოსკოპები გადასცეს ცერემონიალის საპატიო სტუმრებმა.