თეატრის სცენიდან დიდ ეკრანზე

თეატრის სცენიდან დიდ ეკრანზე

თსსუ-ის თეატრალური დასის ‘’ჰიგია’’ მსახიობების საერთაშორისო აღიარება კინოინდუსტრიაში. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, მოყვარულმა მსახიოებებმა RE Production-ის დამხარებით გადაიღეს ფილმი “პალატა No.6”. კინოში დებიუტი წარმოუდგენლად წარმატებული აღმოჩნდა. ფილმმა გადაღებების დასრულებიდან მალევე საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. საერთაშორისო დამოუკიდებელი ფილმების ფესტივალზე (International Indie Film & Screenplay Festival) ‘’პალატა No.6”, გლობალური კონკურენციის ფონზე, ჯერ ნახევარფინალისტი გახდა, შემდეგ კი, ჟიურის გადაწყვეტილებით სტუდენტურმა ფილმმა, როგორც საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნომინანტმა, ფინალის საგზურიც მიიღო. ფესტივალის ფინალი და დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება 4 დეკემბერს ქალაქ ვენაში, ავსტრიაში გაიმართება. 

“პალატა No.6” მოგვითხრობს პატარა ქალაქის მიჩუმებულ ფსიქიატრიულ კლინიკაზე, სადაც დრო გაყინულია და სინათლეც იშვიათად აღწევს. კლინიკის ექიმი აღმოჩნდება პაციენტთან. მისი საუბარი ჩვეული დიალოგის საზღვრებს არღვევს. რაც მეტად ღრმავდება ეს ურთიერთობა, მით ბუნდოვანდება ზღვარი რწმენასა და ეჭვს, რეალობასა და შიგნით ჩამალულ სიღრმეს შორის. 

“პალატა No.6” RE Production-მა თებერვალში გადაიღო. სცენარის დაწერას, რეპეტიციებსა და შიდა თუ გარე ლოკაციაზე გადაღებას ერთი თვეც არ დასჭირდა. მონტაჟისა და ხმის დამუშავების შემდეგ, ავტორებმა შეარჩიეს  ფილმის პოსტერი და პროექტი “WARD No.6” სახელით გადაიგზავნა საერთაშორისო ფესტივალებზე.

International Indie Film & Screenplay Festival - ის პასუხი ცნობილია - ფილმი “WARD No.6” ფინალშია. საერთაშორისო ფესტივალების გადაწყვეტილებებს ავტორები უახლოეს მომავალში ელოდებიან.