უკრაინელი პროფესორის, ტატიანა ილაშჩუკის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

უკრაინელი პროფესორის, ტატიანა ილაშჩუკის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2023 წლის 17 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია ბუკოვინის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (ჩერნოვცი, უკრაინა) ვიცე-რექტორი სამკურნალო დარგში, პროპედევტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ტატიანა ილაშჩუკი.

უკრაინელ სტუმარს შეხვდნენ: თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია და რექტორის აპარატის უფროსი ირინა კაპეტივაძე.

ბუკოვინის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა 10 წელზე მეტს ითვლის. ბუკოვინის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორები სტუმრობენ თსსუ-ს და კითხულობენ ლექციებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის. თსსუ-ის აკადემიური პერსონალი ხშირად ესწრება  ბუკოვინის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ეგიდით გამართულ სამეცნიერო კონფერენციებს. 2014 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია დაესწრო ბუკოვინის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დაარსების 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილ  ღონისძიებებსა და უკრაინის სამედიცინო ასოციაციების  გაერთიანების  მსოფლიო ფედერაციის კონგრესს. ბუკოვინის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონგრესი - „BIMCO“, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობენ თსსუ-ის სტუდენტები და რეზიდენტები. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შეხვედრის დროს, პროფესორმა ტატიანა ილაშჩუკმა მადლობა გადაუხადა პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას გულთბილი მიღებისთვის და აღნიშნა, რომ ორივე უნივერსიტეტისთვის მეტად მნიშვნელოვანია ის პარტნიორობა, რომელიც უკვე წლებია გრძელდება. დაისახა მომავალი ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები.