2025 წლის 14 თებერვალს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია „Times Higher Education“ (THE)-ის უმაღლესი განათლების მიმართულების მთავარი კონსულტანტი დევიდ პრენტისი, რომელმაც შეხვედრა გამართა თსსუ-ის რექტორთან, პროფესორ ირაკლი ნატროშვილთან.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: აკადემიური განვითარებისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სალომე ვორონოვი და რექტორის აპარატის უფროსი, ასოცირებული პროფესორი ირინა კაპეტივაძე.
მხარეებმა განიხილეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და გაერთიანებული სამეფოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ტრანსნაციონალური განათლების განვითარების პერსპექტივები, მათ შორის ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნის შესაძლებლობები.
აღსანიშნავია, რომ „Times Higher Education (THE)“ წარმოადგენს გავლენიან ბრიტანულ ორგანიზაციას, რომელიც სპეციალიზებულია უმაღლესი განათლების საკითხებში. THE ცნობილია თავისი ყოველწლიური რეიტინგებით, რითაც ფასდება უნივერსიტეტები სწავლების, კვლევის, აკადემიური გავლენის, ციტირების და სხვა მნიშვნელოვანი ინდიკატორების მიხედვით.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს Times Higher Education-თან და ბრიტანეთის საბჭოსთან, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს საგანმანათლებლო პროგრამების მოდერნიზაციასა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას. ამ თანამშრომლობის ფარგლებში მომზადდება ქართულ-ბრიტანული ტრანსნაციონალური განათლების საგზაო რუკის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტებს შორის აკადემიური პარტნიორობის გასაძლიერებლად განსახორციელებელ კონკრეტულ ნაბიჯებს.
ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი უკვე ჩართულია Times Higher Education (THE)-ის რეიტინგის შეფასების სისტემაში. 2024 წლის THE Impact Rankings-ის მიხედვით, თსსუ კატეგორიაში „ჯანმრთელობა და კეთილდღეობა“ 401-600 პოზიციაზეა.