საექთნო მანიპულაციები - ტრენინგი თსსუ-ის გივი ჟვანიას პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში

საექთნო მანიპულაციები - ტრენინგი თსსუ-ის გივი ჟვანიას პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში

კორპორაცია „პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის“ (PFID) საქართველოს წარმომადგენლობა ემორის უნივერსიტეტთან (აშშ, ატლანტა) ერთად, ერთობლივი სასერტიფიკაციო სახელობო საექთნო სასწავლო პროგრამის ფარგლებში, ატარებს სასერტიფიკაციო კურსს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის დიპლომირებული ექთნებისა და ექთნის დამხმარეებისათვის.

ბოლოდროინდელი სიახლეების გაცნობის მიზნით, პროფესიული განვითარებისა და სერვისის ხარისხის გაუმჯობესებისათვის, კლინიკის ადმინისტრაციის მოთხოვნით, კორპორაცია PFID-მა თსსუ-ის გივი ჟვანიას პედიატრიის აკადემიური კლინიკის საექთნო პერსონალისათვის უზრუნველყო სპეციალური, 10 დღიანი სასწავლო პროგრამა. კურსი მოიცავს მედპერსონალის გადამზადებას როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილში, - საექთნო მანიპულაციებსა და პროცედურებში, ასევე, პაციენტის შემთხვევის განხილვასა და დისკუსიას.

ტრენინგებს უძღვებიან ემორისა და USAID-ის ერთობლივი პროექტის „საექთნო პროგრამის" ფარგლებში მომზადებული სპეციალისტები, ექთნის ლიცენზირებული ტრენერები, ქეთევან ქოქიაური და თამარ შარაშენიძე.

ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად სასერტიფიკაციო კურსის ფარგლებში უკვე გადამზადდა კლინიკის 20 ექთანი. ინტენსიურად მიმდინარეობს დარჩენილი საექთნო პერსონალის გადამზადება. თსსუ-ის გივი ჟვანიას პედიატრიის აკადემიური კლინიკა უწყვეტ რეჟიმში გეგმავს საექთნო პერსონალის პროფესიულ განვითარებას.

კორპორაცია, „პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის“ ემორის უნივერსიტეტის მედიცინისა და საექთნო სკოლებთან თანამშრომლობით საქართველოში ახორციელებს სასერტიფიკაციო სასწავლო პროგრამებს დიპლომირებული ექთნებისთვის 2010 წლის 1 მარტიდან. დღემდე გადამზადების პროგრამები გავლილი აქვს 6000-ზე მეტ ექთანს, მათ შორის 700-მდე მათგანს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან.