შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, თსსუ-ის სტუდენტურმა ორგანიზაციებმა ორდღიანი შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიებები გამართეს.
თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო კამპანია, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია შიდსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების, თანამედროვე სამედიცინო მიდგომებისა და ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობის შესახებ. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ კითხვები და მიეღოთ კომპეტენტური პასუხები სპეციალისტებისაგან.
დღის მეორე ნაწილი გაგრძელდა თსსუ-ის ცისფერ დარბაზში, სადაც მონაწილეებმა მოისმინეს და განიხილეს შიდსთან დაკავშირებული საინტერესო კლინიკური შემთხვევები. ასევე, გაიმართა დერმატო-ვენერგოლოგ სოსო კობახიძის საჯარო ლექცია, რომელიც მოიცავდა დაავადების ეპიდემიოლოგიურ თავისებურებებს, გამოწვევებსა და თანამედროვე სამკურნალო მიდგომებს.
აქტივობების მეორე დღე დაეთმო ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას, სადაც განხილვის ძირითადი საკითხები მოიცავდა:
- შიდსთან დაკავშირებით გავრცელებულ მითებსა და რეალობას;
- ინფორმირებულობის გაძლიერების მნიშვნელობას;
- პრევენციის თანამედროვე მეთოდებსა და არსებულ გამოწვევებს.
აქტივობები, 2025 წლის 1-2 დეკემბერს მიმდინარეობდა და მთავარი მიზანი სტუდენტებში შიდსთან დაკავშირებული ცოდნის გაღრმავება, სოციალური სტიგმის შემცირება და პრევენციულ ქცევებზე ორიენტირებული მიდგომების პოპულარიზაცია იყო.