თსსუ-ში შინაგანი მედიცინის სიმპოზიუმი გაიმართა

თსსუ-ში შინაგანი მედიცინის სიმპოზიუმი გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შინაგანი მედიცინის სიმპოზიუმი გაიმართა. ღონისძიება ორგანიზებული იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და საქართველოს ჯანმრთელობის ახალგაზრდული ასოციაციის მიერ.

სიმპოზიუმში, რომელიც ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდა 1700-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.  

შეხვედრა გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.

„მნიშვნელოვნად ვაფასებ მსგავსი ფორუმის ჩატარებას, რადგან ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლა ცოდნის გავრცელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ სიმპოზიუმის მიმართ ასეთი მაღალი ინტერესი გამოვლინდა და მონაწილეობის სურვილი 1700-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა. სიამოვნებით და სიამაყით აღვნიშნავ, რომ ამ მასშტაბურ და მნიშვნელოვან ღონისძიებას ხელმძღვანელობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.

რაც შეეხება ფორუმის ძირითად თემას - შინაგანი მედიცინა წარმოადგენს დარგს, რომელიც თითქმის ყველა მიმართულებას შეეხება. აქ მოცემულია ათი დარგი. წარმოუდგენელია რომელიმე სხვა დარგის ეფექტიანი ფუნქციონირება შინაგანი მედიცინის საფუძვლიანი და ღრმა ცოდნის გარეშე“, - განაცხადა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.

სიმპოზიუმი მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს. აქტივობები რამდენიმე ლოკაციაზე ერთდროულად მიმდინარეობდა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ ექსპერტების მოხსენებები კარდიოლოგიის, პულმონოლოგიის, გასტროენტეროლოგიის, ნეფროლოგიის, ენდოკრინოლოგიის, ჰემატოლოგიის, რევმატოლოგიის, ინფექციური დაავადებების, ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის მიმართულებებით.

მომხსენებლებმა განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა: ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების თანამედროვე გამოწვევები და მართვის სტრატეგიები; რთულად დიაგნოსტირებადი შემთხვევები ჰემატოლოგიაში და თანამედროვე მკურნალობის მიდგომები; თირკმლის ქრონიკული დაავადების პერსონიფიცირებული დიაგნოსტიკა და მართვა; ინფექციური დაავადებები, როგორც გლობალური გამოწვევა და აშ. განსაკუთრებული ყურადღება  გამახვილდა ციფრული ჯანდაცვის გაძლიერებაზე ტელემედიცინის საშუალებით.

დარგის სპეციალისტებმა მონაწილეებს გაუზიარეს თანამედროვე ცოდნა და კლინიკური გამოცდილება. პრაქტიკული ნაწილი შედგებოდა ოთხი ინტენსიური ვორქშოპისგან. 

ღონისძიების მიზანი იყო სტუდენტებისა და ახალგაზრდა ექიმების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, პრაქტიკული უნარებისა და თანამედროვე სამედიცინო მიდგომების გაუმჯობესება.