სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა. 27 სექტემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ტრაგიკული თარიღია, რომელიც აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას, ომის შედეგად გამოწვეულ მძიმე დანაკარგსა და ქვეყნის უახლესი ისტორიის გააზრებას უკავშირდება. ამ დღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან აფხაზეთის ომმა უნივერსიტეტის სტუდენტურ საზოგადოებასაც თავისი კვალი დაამჩნია.
თბილისის სახლმეწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში, ომში დაღუპულ სტუდენტთა მემორიალთან, რომელზეც ვასილ კილაძის, ილია მელაძის, გიორგი მიროტაძის, რევაზ მუმლაძისა და ნიკოლოზ ღიბრაძის სახელებია აღბეჭდილი, შეიკრიბნენ და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა, ასევე დაღუპული სტუდენტების ოჯახის წევრებმა.
შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.
„პირველ რიგში, გილოცავთ დღევანდელ დღეს - ჯვართამაღლებას. ეს დღესასწაული ემთხვევა დამოუკიდებელი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დღეს, როდესაც მოხდა სოხუმის დაცემა.
ეს იყო ძალიან დიდი ტკივილი, ეს არის ჩვენი ქვეყნის მოუშუშებელი იარა. იმედი მაქვს, აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს იარა დაიხურება.
„ამ ახალგაზრდები, რომელთა ხსოვნის პატივსაცემადაც ეს მონუმენტი თსსუ-ის ეზოშია, ჩვენი მეგობრები და ჩვენი თანატოლები იყვნენ. ამ ადამიანებმა თავიანთი ბედი სასწორზე დადეს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ და გადაიხადეს ყველაზე დიდი საფასური. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი ხსოვნის პატივისცემის ეს ტრადიცია გაგრძელდეს.
ყოველთვის გვახსოვდეს, რომ აი, ამ კედლებში სწავლობდნენ გმირები.
მე მინდა, დღევანდელი შეკრებისთვის მადლობა გადაგიხადოთ. ჩვენს უნივერსიტეტში ეს ტრადიცია ყოველთვის გაგრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ, ყოველთვის იცოდეს, რომ ასეთი ადამიანები ჩვენთან იყვნენ, არიან და ჩვენ მათ პატივს მივაგებთ ყოველთვის.
მადლობა ჩვენი გმირების მშობლებს და მინდა, თსსუ-ის სახელით აღვუთქვა, რომ ეს ტრადიცია მუდმივად გაგრძელდება.“
მემორიალთან შეკრებას განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა დაღუპული სტუდენტების მშობლებისთვისაც. მათი თქმით, უნივერსიტეტის მიერ წლების განმავლობაში დამკვიდრებული ტრადიცია, ყოველწლიურად პატივი მიაგონ მათი შვილების ხსოვნას, მათთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერისა და თანადგომის გამოხატულებაა. მშობლებმა მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტის საზოგადოებას, რომლებიც 27 სექტემბერს მათ შვილებს იხსენებენ და ამ სახელებს საუნივერსიტეტო სივრცეში კვლავაც ცოცხლად ინარჩუნებენ.
ნანა ღიბრაძე-ბეგაშვილი, ნიკუშა ღიბრაძის დედა:
„დიდი მადლობა ყველას, ვინც ახლა აქ ხართ შეკრებილი. მინდა, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ჩვენს რექტორს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ყველა თანამშრომელს.
მინდა ვთქვა, რომ ჩვენთვის, დაღუპული ბიჭების მშობლებისთვის, ეს არის ისეთი საჩუქარი - ყოველ წელს მათი გახსენება, თითქოს ცოცხლები არიან.
ჩემი შვილი ერთ კვირაში დაიღუპა და დამთავრდა ყველაფერი.
მთავარი, რაც მინდა ვთქვა - რაც არ უნდა ხდებოდეს, ყველაზე მთავარი არის მშვიდობა, რომ არავინ არ დაიღუპოს. მშვიდობაზე იფიქრეთ - ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ამ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და ახალგაზრდები არ დაიღუპონ.“
ლევან მიროტაძე - გიორგი მიროტაძის მამა:
„ძალიან ძნელია ჩემთვის აქ დგომა... მინდა, რომ გახსოვდეთ — სტუდენტები ხართ აქ. ჩვენი შვილები.. არც გამოუძახებია ვინმეს, თავდადებით და სამშობლოს სიყვარულით წავიდნენ. ხუთი ვაჟკაცი გვყავს ამ უნივერსიტეტის სტუდენტი, რომლებიც დაიღუპნენ. ჩვენც, მათი მშობლებიც, ამ უნივერსიტეტის კედლებში გავიზარდეთ.
მინდა, გისურვოთ, რომ კარგად ისწავლოთ, გიყვარდეთ ქვეყანა, ერთმანეთი, პატივი სცეთ თქვენს პედაგოგებს. მე აქ ყველა მიყვარს, პატივს ვცემ, ჩემი მშობლებიც ამ კედლებში არიან გაზრდილები. ამაზე მეტი სითბო და სიყვარული არ ვიცი სად შეიძლება ვნახო. თსსუ-მ ასე დააფასა ეს ახალგაზრდები. მინდა, მადლობა გადავუხადო და ქედი მოვიხადო მათ წინაშე.
სტუდენტებო - გიყვარდეთ სამშობლო.“
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისთვის ვასილ კილაძის, ილია მელაძის, გიორგი მიროტაძის, რევაზ მუმლაძისა და ნიკოლოზ ღიბრაძის სახელები უნივერსიტეტის ისტორიის განუყოფელი ნაწილია, მათი სახელები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ყოველთვის გამორჩეულად ემახსოვრება.