თსსუ-ში აფხაზური ენისა და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

თსსუ-ში აფხაზური ენისა და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში აფხაზური ენისა და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრის მიზანი აფხაზური ენის, ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა, მათი დაცვისა და პოპულარიზაციის მნიშვნელობის ხაზგასმა და საზოგადოებაში ამ საკითხების მიმართ ინტერესის გაღრმავება იყო.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო.

ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა, ენახა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „ტალღის ქიმზე“, რომელიც აფხაზეთში ნიჩბოსნობის განვითარებასა და სპორტის ამ სახეობის ერთ-ერთი სულისჩამდგმელის, ნიკოლოზ ემუხვარის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნება. ნიკოლოზ ემუხვარი აფხაზეთისა და საქართველოს დამსახურებული ექიმი, კანოესა და ნიჩბოსნობაში საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი იყო, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ნიჩბოსნობის განვითარებაში. ფილმში ასახულია ნიკოლოზ ემუხარის საქმიანობისა და სპორტის ამ სახეობის ისტორიის მნიშვნელოვანი ასპექტები. დოკუმენტური ფილმის სცენარის ავტორია ნანა ქარდავა. 

27 ოქტომბერს აფხაზეთის ენის დაცვის დღეა. სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით, ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იყო კალიგრაფ ლეილა ბაღბაიას ნამუშევრები. მან თსსუ-ის რექტორს, პროფესორ ირაკლი ნატროშვილს საკუთარი ხელით შესრულებული კალიგრაფიული ნამუშევარი საჩუქრად გადასცა.

ღონისძიების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო წიგნის - „აფხაზეთის სააზნაურო გვარები“ - განხილვა. წიგნის ავტორია თსსუ-ის სტუდენტი ლუკა ჯღარკავა, რომელმაც წიგნი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს, დავით ფაცაციას, საჩუქრად გადასცა.

კულტურულ ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი, კანცლერი ალექსანდრე ბუაჩიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები და სტუდენტები.