ანტიმიკრობული რეზისტენტობის (AMR) წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე გამოწვევები და „ერთიანი ჯანმრთელობის“ შესახებ მთავარი გამოწვევები - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, დღეს პანელური დისკუსია გაიმართა.
ღონისძიება თსსუ-ის მიკრობიოლოგიის დეპარტამენტისა და უნივერსიტეტის სტუდენტური ორგანიზაციების ინიციატივით გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ ჯანდაცვის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ვეტერინარიისა და სურსათის უვნებლობის სფეროების წარმომადგენლები.
პანელური დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს ანტიმიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ ბრძოლის პრიორიტეტებზე, ანტიბიოტიკების რაციონალურ გამოყენებაზე, ინფექციების პრევენციისა და კონტროლის გაძლიერებაზე, ასევე რეზისტენტობის ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული ზედამხედველობის სისტემის განვითარებასა და მონიტორინგის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე.
განხილვის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო რეზისტენტობის რისკების მართვას, ვეტერინარიის სექტორში ანტიმიკრობული საშუალებების პასუხისმგებლიან გამოყენებასა და სამედიცინო დაწესებულებებში რეზისტენტული მიკროორგანიზმების კონტროლის საკითხებს.
დისკუსიაზე ასევე განიხილეს რეზისტენტული მიკროორგანიზმებით გამოწვეული მძიმე ინფექციების კლინიკური მართვის, ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და ანტიბიოტიკოთერაპიის ოპტიმიზაციის მნიშვნელობა.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებაზე, სხვადასხვა სექტორში შეგროვებული მონაცემების ურთიერთდაკავშირებასა და მოსახლეობაში ანტიბიოტიკების პასუხისმგებლიანი გამოყენების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე.
შეხვედრის დასკვნით ნაწილში მონაწილეებმა ანტიმიკრობული რეზისტენტობის პრევენციისა და კონტროლის მიმართულებით მომდევნო 12 თვის პრიორიტეტული ნაბიჯები განიხილეს. ღონისძიება აუდიტორიასთან ინტერაქტიული დისკუსიით დასრულდა.