თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2 აპრილს, აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნა. ღონისძიება მიზნად ისახავდა აუტიზმის სპექტრის დარღვევების შესახებ საზოგადოების ინფორმირების გაზრდას და ამ საკითხის, როგორც სამედიცინო, ისე სოციალური მნიშვნელობის ხაზგასმას.
საჯარო ლექცია თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა გახსნა. მისასალმებელ სიტყვაში მან აუტიზმის თემის აქტუალობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პრობლემა სცდება მხოლოდ მედიცინის სფეროს და მთლიანად საზოგადოების ჩართულობას მოითხოვს. რექტორის თქმით, აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლება გადამწყვეტ როლს ასრულებს დროული და სწორი დიაგნოსტიკის პროცესში. მან ასევე გაუსვა ხაზი სპეციალისტებთან ადრეული მიმართვისა და პროფესიული ჩარევის მნიშვნელობას, რაც აუტიზმის სპექტრის მქონე პირებს უკეთეს განვითარებისა და საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის შესაძლებლობას აძლევს.
საჯარო ლექცია თსსუ-ის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა სოფიო ბახტაძემ წაიკითხა:
„ეს დღე მნიშვნელოვანია არამხოლოდ დარგის სპეციალისტებისთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც, ვინაიდან აუტიზმი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება.”
ლექციის ფარგლებში პროფესორმა დამსწრე საზოგადოებას აუტიზმის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია, თანამედროვე სტატისტიკური მონაცემები და მნიშვნელოვანი ფაქტები გააცნო.
აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე გაერომ 2007 წლის 18 დეკემბერს დააწესა. ამ ინიციატივის მიზანია საზოგადოების ინფორმირების გაზრდა აუტიზმის შესახებ, ასევე აუტიზმის მქონე პირების ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და მათი რეალიზაციის ხელშეწყობა.
ღონისძიება თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა. საჯარო ლექციას სტუდენტებთან ერთად აკადემიური პერსონალიც ესწრებოდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უნივერსიტეტის აქტიურ როლს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ინკლუზიური გარემოს შექმნაში.