თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა ახალი პროექტის ვორქშოფი, რომლის ხელმძღვანელი თსსუ-ის პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი რიმა ბერიაშვილია.
პროექტი - „მიკრომორფოლოგიური პრეპარატების ციფრული ბაზის შექმნა და მისი გამოყენება პათოლოგიური ანატომიის სასწავლო პროცესში ინოვაციური მოდულების და ხელოვნური ინტელექტის კომპონენტებზე დაფუძნებული სადოქტორო პროგრამის შესაქმნელად“ – ხორციელდება მსოფლიო ბანკის პროექტის ‘’ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q’’ ფარგლებში, კონკურენტული ინოვაციების ფონდის(CIF) მხარდაჭერით, პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტია გრაცის სამედიცინო უნივერსიტეტი (ავსტრია).
შეხვედრაზე პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა, პროექტის მკვლევრებმა — ალეკო ხარებაშვილმა, ნინო თევზაძემ და მანანა ჯიქურიშვილმა, ასევე გრაცის სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა გერნოტ ფიალამ განიხილეს პროექტის ძირითადი მიმართულებები:
• AI-ის როლი მედიცინასა და პათოლოგიურ ანატომიაში;
• ლაბორატორიის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია პრეპარატების ციფრული სკანერის დანერგვით;
• საარქივო და მიმდინარე შემთხვევების პრეპარატების დიგიტალიზაცია და მონაცემთა ბაზის შექმნა სასწავლო პროცესის საჭიროებების გათვალისწინებით;
• ვებპლატფორმის შექმნა, სადაც განთავსდება ინტერაქტიული და ციფრული პრეპარატები თვითსწავლებისთვის (self-learning);
• სასწავლო პროცესში ინოვაციური კომპონენტების ინტეგრაცია შეფასებისა და თვითშეფასების თანამედროვე ალგორითმების შემუშავებით.
ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები გამოყენებული იქნება როგორც დიპლომამდელ საფეხურზე სწავლების პროცესში, ასევე რეზიდენტ პათოლოგანატომთა პროფესიული მომზადების გასაუმჯობესებლად და პრაქტიკოსი პათოლოგანატომებისთვის უწყვეტი სამედიცინო განათლების მხარდასაჭერად.
შეხვედრას ესწრეებოდნენ თსსუ-ის კანცლერი ალექსანდრე ბუაჩიძე, პროქტ “ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q” ის - აღმასრულებელი დირექტორი თამარ სანიკიძე და თსსუ-ის ვიცე-რექტორი, პროფესორი სოფიო ბახტაძე.