თსსუ-ში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

თსსუ-ში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

ახალი ეტაპი, სტუდენტური ცხოვრების დასაწყისი და პირველი ნაბიჯები პროფესიისკენ მიმავალ გზაზე - 2025-2026 სასწავლო წელი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში განსაკუთრებული ემოციებით დაიწყო.

15 სექტემბერი დაუვიწყარ დღედ დაამახსოვრდებათ პირველსემესტრელებს, რადგან სწორედ ამ დღეს  მათ პირველად მოირგეს თეთრი ხალათები, როგორც პროფესიული სიამაყის და ცხოვრების ახალი ეტაპის სიმბოლო. 

სადღესასწაულო განწყობა ფერად დეკორაციებს, ფოტოსივრცეებსა და მუსიკას აერთიანებდა, რაც კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდიდა სწავლის დაწყებას. თეთრი ხალათებით შემოსილი პირველსემესტრელი სტუდენტები თსსუ-ის ეზოში დილის 9 საათიდან შეიკრიბნენ. 

ღონისძიება ოფიციალურად გახსნა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა, რომელმაც პირველსემესტრელებს, მათ მშობლებს და უნივერსიტეტის სტუმრებს სიტყვით მიმართა. რექტორმა სტუდენტებს მათ მიერ არჩეული მომავალი პროფესიის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ შეახსენა და წინსვლა და წარმატებები უსურვა.

‘’ძვირფასო სტუდენტებო, პირველსემესტრელებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! დღეს იწყება თქვენი ცხოვრების ახალი ეტაპი — ის, რისთვისაც თქვენ ძალიან ბევრი იშრომეთ. თქვენი შრომა დაფასდა და ახლა უკვე პირველი ნაბიჯი გადადგმულია თქვენი სურვილებისა და მიზნების რეალიზაციის გზაზე. მიზანი, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაისახეთ — სამედიცინო პროფესიების დაუფლება — უკვე რეალობად იქცა. რა თქმა უნდა, წინ უამრავი გამოწვევა გელით და კიდევ ბევრ ახალ მიზანს დაისახავთ, თუმცა ამ პირველ წარმატებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დარწმუნებული ვარ, თქვენ ასევე წარმატებით გაუმკლავდებით ყველა მომდევნო გამოწვევას და მიაღწევთ მიზანს. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სახელით გიხდით მადლობას, რომ განათლების გასაგრძელებლად სწორედ ჩვენი უნივერსიტეტი აირჩიეთ. ეს არის უნივერსიტეტი, რომელსაც საუკუნეზე მეტი ტრადიცია აქვს და რომელიც დღესაც აგრძელებს განვითარებას საუკეთესო აკადემიური პერსონალის აქტიური ჩართულობით. სტუდენტობა ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია — დაუვიწყარი წლები, რომლებიც ყოველთვის დიდი სიამოვნებით გაგახსენდებათ. მჯერა და დიდი იმედი მაქვს, რომ ყოველთვის მადლიერი იქნებით იმ უნივერსიტეტის, სადაც თქვენი პროფესიული გზა დაიწყეთ.კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და ამ მნიშვნელოვანი ეტაპის დაწყებას. გისურვებთ წარმატებას! გახსოვდეთ, რომ ჩვენი უნივერსიტეტის  აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, ჩემი ჩათვლით, ყოველთვის თქვენს გვერდითაა, რათა დაგეხმაროთ თქვენი შესაძლებლობებისა და პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზებაში.’’ – აღნიშნა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.

პირველსემესტრელებს სწავლის დაწყება და პროფესიაში  პირველი ნაბიჯები მიულოცა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ: ‘’მინდა თითოეულ თქვენგანს მოგილოცოთ  ცხოვრებაში მეტად ღირსშესანიშნავი დღე. ეს არის დღე, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გემახსოვრებათ. დღეს თქვენს ცხოვრებაში იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, ეს არის ის საკვანძო მომენტი, როდესაც თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება და შეუდექით იმ გზას, რასაც ჰქვია პროფესიული მოღვაწეობა. მინდა თითოეულ თქვენგანს ვუსურვო წარმატება, რადგან თქვენ გააკეთეთ არჩევანი ყველაზე ღირსეული პროფესიის სასარგებლოდ, პროფესიათა შორის ყველაზე მეტად ღირსეული, ყველაზე მეტად კეთილშობილური პროფესია არის მედიცინა, იმიტომ რომ მისი მთავარი უშუალო ფუნქცია და დანიშნულება არის ის, რომ თითოეული თქვენგანი მოწოდებული იყოს ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადასარჩენად. ვიმედოვნებ, რომ თითოეული თქვენგანი შეძლებთ მედიცინის მეცნიერების მწვერვალებს მისწვდეთ, წარმატებულები იყოთ თითოეული პაციენტის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, მის გადასარჩენად. ეს სივრცე, სადაც ახლა ვიმყოფებით არის ადგილი, რომლის კედლებში აღიზარდნენ უზარმაზარი პროფესიონალები, მოღვაწეები, რომელთა დამსახურებებსაც უსახელებია საქართველო მსოფლიო მასშტაბით, არა ერთი მსოფლიო დონის ექიმი აღზრდილა ამ კედლებში. ასე რომ, შეგიძლიათ ამით იამაყოთ დღეიდან, წარმატებებს გისურვებთ!’’

სტუდენტობის დასაწყისი მიულოცა პირველსემსტრელებს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ: ‘’მინდა მოგილოცოთ, თქვენ რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის სტუდენტები გახდით ყველა რეიტინგის მიხედვით. ეს არის თქვენი ცხოვრების უბედნიერესი წლები. მინდა გისურვოთ ძალიან ბევრი წარმატება. ეს არის ყველაზე საამაყო პროფესია, რომელიც პირდაპირი გაგებით იბრძვის ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. გილოცავთ!’’

სტუმრებს შორის იყო ასევე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ და მასში მონაწილოებდენენ თსსუ-ის კანცლერი, ვიცე-რექტორები, დეკანები, აკადემიური პერსონალი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები.  

მნიშვნელოვანი და ემოციური ნაწილი იყო პირველსემესტრელების წერილები, რომლებიც საკუთარ თავებს მისწერეს. წერილები სპეციალურ ყუთებში მოთავსდა, დაილუქა და მხოლოდ წლების შემდეგ, სწავლის დასრულებისას გაიხსნება.

ღონისძიებაზე თსსუ-ის რექტორმა სცენაზე მიიწვია ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით ყველაზე მაღალრეიტინგული ათი სტუდენტი. ისინი სცენაზე შემოსეს თეთრი ხალათებით და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. 

15 სექტემბერი გამორჩეული და სიურპრიზებით სავსე იყო ოლია კილაძისთვის - სტუდენტისთვის, რომელმაც ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მაღალი ქულები მიიღო. მას უნივერსიტეტის რექტორმა პერსონალური კომპიუტერი გადასცა.

ოლიასთვის სიურპრიზი იყო მისი წარმატების შესახებ მომზადებული ვიდეორგოლიც, რომელიც თსსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გადაიღო.  ამ ეპიზოდმა ღონისძიებას განსაკუთრებული სითბო და ემოცია შემატა. ოლიას წარმატების გზის გარდა, თსსუ-ის ვიდეოკამერამ ასევე აღბეჭდა პირველსემესტრელების პირველი ნაბიჯები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. თსსუ-ის კამერის ობიექტივში მოხვდა ის ემოციები, რაც სტუდენტობის პირველ დღეს და თეთრი ხალათის პირველად მორგებას უკავშრირდება. სწორედ ამ  ვიდეორგოლით დასრულდა ღონისძიების ოფიაციალური ნაწილი. 

ამის შემდეგ, უნივერსიტეტის აკაპელამ საქართველოს ჰიმნი შეასრულა. ღონისძიებას სადღესასწაულო განწყობა ფოიერვერკმა შემატა. 

სწავლის დაწყებას მუსიკის გარეშე არ ჩაუვლია. სპეციალურად პირველსემესტრელებისთვის თსსუ-ის კულტურის ცენტრთან არსებულმა ბედნმა კონცერტი ჩაატარა. 

თსსუ-ის ეზოში სტუდენტურმა თვითმართველობამ და ორგანიზაციებმა პირველსემესტრელებისთვის სხვადასხვა აქტივობა და ვიქტორინა გამართეს. 

საზეიმო ნაწილის დასრულების შემდეგ, ღონისძიების ფარგლებში პირველკურსელები შეხვდნენ ფაკულტეტების დეკანებს და პროგრამების ხელმძღვანელებს, რომლებმაც მათ სასწავლო პროცესის დეტალები გააცნეს და პროფესიული გზის დაწყებაში წარმატებები უსურვეს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ახალ სტუდენტებს კიდევ ერთხელ ულოცავს თსსუ-ში ჩარიცხვას და უსურვებს მოტივაციით სავსე, წარმატებულ და დაუვიწყარ სტუდენტურ ცხოვრებას.

თსსუ ამაყობს თავისი სტუდენტებით და ყოველთვის მათი მხარდამჭერია.