თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის XI-XII სემესტრელმა სტუდენტებმა ყოველწლიურ კონფერენციაზე საკუთარი კვლევის შედეგები წარმოადგინეს.
აღსანიშნავია, რომ ეს კონფერენცია არის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის კვლევითი კომპონენტის ნაწილი, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, გაიღრმაონ კვლევითი უნარ-ჩვევები, მათ შორის, კომპლექსური სამედიცინო კვლევების დაგეგემვა, განხორციელება, მიღებული შედეგების დამუშავება, ნაშრომის გამოსაქვეყნებლად მომზადება და მათი პრეზენტაცია.
მიმდინარე წელს გამართულ კონფერენციაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტებმა თხუთმეტი ნაშრომი წარმოადგინეს.
კონფერენციას ესწრებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ბატონი ნოდარ პაპუკაშვილი. როგორც ბატონმა ნოდარმა განაცხადა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა არის ხარისხიანი სამედიცინო განათლების საუკეთესო და წარმატებული მაგალითი.
„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, თავისი ასწლიანი ისტორიით, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის აკეთებს იმ საქმეს, რასაც განათლების და მეცნიერების სამინისტრო მხარს უჭერს ინტერნაციონალიზაციის განვითარების კუთხით. დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა არის საუკეთესო და წარმატებული მაგალითი, როგორ უნდა მისცე ხარისხიანი სამედიცინო განათლება სტუდენტს.
დღეს გავეცანით ძალიან მნიშვნელოვან კვლევებს, რომელიც ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. ასეთ პროექტებს მუდმივად ექნება დიდი მხარდაჭერა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
აღნიშნული პროგრამის კურიკულუმი ითვალისწინებს სტუდენტებისთვის მეცნიერული კვლევის უნარების გაღვივებას და მათ დასწავლას.
„მეცნიერული უნარი გულისხმობს პრობლემებისადმი გლობალურ მიდგომას: პრობლემის გარშემო არსებული ინფორმაციის მოძიებას, ანალიზს, დასკვნების გამოტანას და მსჯელობას და ეს პროცესი საბოლოოდ სრულდება სამეცნიერო სტატიის მომზადებითა და მისი გამოქვეყნებით. ეს კონფერენციაც კვლევის დასწავლის ერთ-ერთი სტადიაა, რომელზეც სტუდენტები თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაციებს აკეთებენ. მინდა აღვნიშნო, რომ მათ ძალიან საინტერესო იდეები წარმოადგინეს. მიხარია, რომ სტუდენტები ასეთი დიდი პასუხისმგებლობით მიუდგნენ ამ საკითხებს. ეს უნარები მათი წარმატებული კარიერის პირობა გახდება“, - განაცხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ახლადარჩეულმა რექტორმა (იგი რექტორის უფლებამოსილებას განახორციელებს 2024 წლის 13 თებერვლიდან), პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.
აღსანიშნავია, რომ თსსუ-ში გამართულ კონფერენციაზე სტუდენტების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები მაღალი ხარისხის თანამედროვე კვლევებად შეფასდა.
ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა არჩილ უნდილაშვილმა აღნიშნა, რომ სტუდენტების სამეცნიერო პრეზენტაციებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
„მეცნიერება მედიცინის პროგრესის მნიშვნელოვანი ნაწილია. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი სტუდენტები შესანიშნავად ართმევენ თავს ამ პროცესს. დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ აქ წარმოდგენილმა ნაშრომებმა ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. შეიძლება ითქვას, რომ სტუდენტების სამეცნიერო პრეზენტაციებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. დარწმუნებული ვარ, ჩვენს სტუდენტებს ძალიან მალე უფრო ფართო ასპარეზზე მოუწევთ მსგავსი სამუშაოების განხოციელება და მოხარული ვარ, რომ ის გამოცდილება, რომელიც მათ დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ფარგლებში მიიღეს, ხელს შეუწყობს მათი პროფესიონალიზმის გაღრმავებას, განვითარებას და შემდგომ აღიარებას“,- განაცხადა არჩილ უნდილაშვილმა.
კვლევის ამ ეტაპზე, რომელიც ორი სემესტრის განმავლობაში ფაზებად ხორციელდება, სტუდენტებს კოორდინირებას უწევენ თსსუ-ის პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები კვლევით-საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვასა და განხორციელებაში.
„თანამედროვე მედიცინა არ არსებობს კვლევის გარეშე. ამ მოდულით ჩვენ ვცდილობთ, რომ სტუდენტებს გამოვუმუშაოთ ყველა ის უნარი, რაც თანამედროვე ექიმს სჭირდება კვლევის განხორციელებისთვის ან მისი გამოყენებისთვის პრაქტიკულ საქმიანობაში.
აღნიშნული კურსი სტუდენტებს ეხმარება ისეთი უნარების განვითარებაში, როგორიცაა კრიტიკული აზროვნება, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის პრაქტიკაში გამოყენება, კომუნიკაცია და სხვა. ამ უნარების განვითარება, შესაბამისად, უკავშირდება ჯანდაცვის სისტემის ხარისხის გაუმჯობესას და კრიტიკულად მნიშვნელოვანია თანამედროვე ექიმის პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის“, - განაცხადა დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ეკა ეკალაძემ.
„სტუდენტები დიდი ენთუზიაზმით ეკიდებიან სამეცნიერო კვლევებზე მუშაობას, კურსის განმავლობაში ჩვენ მათ რამდენჯერმე ვაძლევთ კრიტიკულ შეფასებას და ვეხმარებით, რათა ხარისხიანი კვლევის შედეგები მიიღონ.
მადლობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ხელმძღვანელებს იმისთვის, რომ საშუალება გვეძლევა, მსგავსი ტიპის სამეცნიერო აქტივობები ჩავატაროთ“, - განაცხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ,,აღმოჩენის ფაზის“ კოორდინატორმა, ნონა ჯანიკაშვილმა.
კონფერენციის ბოლოს სტუდენტებმა სამეცნიერო კვლევებში ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ფარგლებში განხორციელებული სამეცნიერო კვლევების ჩატარება არის პროფესიონალ ექიმად ჩამოყალიბების ერთ-ერთი საფუძველი.
„ვფიქრობ, კურსის განმავლობაში შეძენილი ცოდნა და მიღებული გამოცდილება სამეცნიერო კვლევის წარმოებისა თუ მისი გამოყენების შესახებ დაგვეხმარება კონკრეტული სამედიცინო შემთხვევების, ასევე მათი გართულებების უკეთესად მართვაში. ვფიქრობ, ყველა სტუდენტი აქტიურად უნდა იყოს ჩართული ასეთ კვლევებში, რადგან ეს არის სამედიცინო სფეროს განვითარების, ასევე ჩვენი პროფესიონალ ექიმებად ჩამოყალიბების საფუძველი“, - განაცხადა თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტმა ელენე შავგულიძემ.
კონფერენციის დასკვნით ნაწილში გამოვლინდნენ საუკეთესო პოსტერისა და მოხსენების ავტორები.