თსსუ-ში დოქტორანტების სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

თსსუ-ში დოქტორანტების სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დოქტორანტების სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება გახსნა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ კონფერენცია უკვე მეორედ ტარდება და წლიდან წლამდე იზრდება როგორც მისი მასშტაბი, ისე წარმოდგენილი კვლევების ხარისხი. რექტორის თქმით, უნივერსიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სადოქტორო კვლევების ხარისხის გაუმჯობესებას. 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციის ხარისხი ყოველწლიურად უმჯობესდება. წელს უკვე გვყავს შემფასებელი კომისიაც. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გავზარდოთ სადოქტორო კვლევების ხარისხი, რაც უნივერსიტეტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მოგეხსენებათ, ამ მიმართულებით ჩვენს უნივერსიტეტს საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები აქვს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება აღნიშნული კონფერენციაც. დოქტორანტებს  შესაძლებლობა აქვთ, კვლევის პროცესის შუა ეტაპზე წარმოადგინონ თავიანთი ნაშრომები და მიიღონ შუალედური შეფასება, რომელიც, დარწმუნებული ვარ, მათ კვლევების წარმატებით დასრულებაში დაეხმარება.“ -  განაცხადა ირაკლი ნატროშვილმა. 

კონფერენციის ფარგლებში თსსუ-ის დოქტორანტებმა სხვადასხვა აქტუალურ სამეცნიერო თემაზე ზეპირი მოხსენებები წარმოადგინეს. მათ შორის იყო კვლევები თემებზე: „ადგილობრივი ნერვული მიკროგარემოს როლი საშვილოსნოს ყელის ინტრაეპითელური ნეოპლაზიების პროგრესიაში და მისი კავშირი პროლიფერაციულ, აპოპტოზურ და ღეროვან უჯრედულ მახასიათებლებთან“, ასევე - „მაქსიმალურად უსაფრთხო რადიოლოგიური კვლევის პროტოკოლი გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიის დროს“ და სხვა თემები, რომლებზეც დოქტორანტები ამჟამად მუშაობენ.

კონფერენციის მეორე ნაწილი პოსტერულ სესიებს დაეთმო, სადაც მონაწილეებმა საკუთარი კვლევების შედეგები ვიზუალურად წარმოადგინეს და აკადემიურ საზოგადოებასთან ერთად განიხილეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი, ვიცე-რექტორი, პროფესორი სოფიო ბახტაძე, უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, ასევე დოქტორანტები.