თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ფაკულტეტების კვირეული დღეს დასრულდა. კვირეულის ბოლო დღეს, 13 მარტს სტომატოლოგიის ფაკულტეტის დღე გაიმართა. ღონისძიება მოიცავდა საგანმანათლებლო, შემეცნებით და გასართობ აქტივობებს.
სტომატოლოგიის ფაკულტეტის დღის ფარგლებში ჩატარდა შემეცნებითი ვიქტორინა. მასში მონაწილე სტუდენტებმა შეამოწმეს ცოდნა და მიიღეს საჩუქრები.
გაიმართა კბილების ხატვის, ძერწვისა და გამოთლის კურსი.
განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ფანტომზე მუშაობა და რაბერდამის სისტემის გამოყენების მასტერკლასი.
დღის შემაჯამებელი ღონისძიება იყო საჯარო ლექცია თემაზე: „განმეორებითი ენდოდონტიური მკურნალობის საჭიროება ოდონტოლოგიაში“. ლექციას უძღვებოდა თსსუ-ს აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკის დირექტორი, ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის დოქტორი და საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის (ICD) წევრი ლია სანოძე.
შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია პრაქტიკულ მეთოდებზე, გაეცნენ მკურნალობის ეფექტიანობის მაქანიზმებს და მიიღეს კონკრეტული პრაქტიკული რჩევები. ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ფაკულტეტების კვირეული სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა. აქტივობები 9 მარტს დაიწყო და უნივერსიტეტის თითოეული დღე სხვადასხვა თსსუ-ის ფაკულტეტს მიეძღვნა.
კვირეულის ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს: მედიცინის, სტომატოლოგიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, საექთნო საქმისა და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამებმა.